საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული რისკების შემცირების მიზნით „ევექსი ჰოსპიტლები“ (რებრენდიგის შემდეგ ის „ვიანის“ სახელით აგრძელებს ოპერირებას) ცდილობს, მოახდინოს შემოსავლების დივერსიფიკაცია და გაზარდოს ამბულატორიული სერვისები.

ამის შესახებ ნათქვამია სს „ევექსი ჰოსპიტლების“ შუალედურ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

„კომპანია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სახელმწიფოსაგან მიღებულ შემოსავალზე. სახელმწიფომ შესაძლოა დააგვიანოს თანხების ჩარიცხვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. შემცირებულმა ტარიფებმა და გადახდის ვადის გაზრდამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს შემოსავალსა და მომგებიანობაზე. კომპანია ამ რისკის შემცირებას ცდილობს და დაწყებული აქვს მუშაობა შემოსავლების დივერსიფიკაციასა და ამბულატორიული სერვისების რაოდენობის გაზრდაზე,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის შემოსავალი 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. 

„ევექსის ჰოსპიტლები ცდილობს რაც შეიძლება გააფართოვოს შემოსავლის წყაროები და, ამ გზით, შეამციროს დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე. ამ მიზნით ჩვენ განვაგრძნობთ გეგმიური და შერჩევითი სერვისების რიცხვის ზრდას,“ - ნათქვამია ანგარიშგებაში.

ანგარიშგების თანახმად, სახელმწიფოსგან მიღებული შემოსავალი ჯანდაცვის მომსახურებიდან (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) – 2023 წლის 30 ივნისის მდგომარებით 93 მლნ 556 ათას ლარს შეადგენდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 100 მლნ 341 ათასი იყო. 

ჯანდაცვის მომსახურებიდან  სადაზღვევო კომპანიებისგან მიღებული შემოსავალი 12 მლნ 863 ათასი ლარია, 2022 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებელი კი 10 მლნ 197 ათასი ლარი იყო. 

დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის მარტში სახელმწიფომ შეწყვიტა COVID-19-ის პროგრამა, რის შედეგად დაიწყო ე.წ. გარდამავალი პერიოდი, რაც დროებით უარყოფითად აისახა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებელზე. 2023 წლის I ნახევარში კი კომპანიის ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლები ეტაპობრივად უმჯობესდება.
ევექსის 100%-იანი წილის მფლობელი სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია“.

კომპანია ფლობს 16 ჰოსტიტალს, ჯამში 2,524 საწოლით. საწოლთა დატვირთულობის მაჩვენებელი 57,3%-ია.

საანგარიშო პერიოდში კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 8,003-ს გაუტოლდა.

2023 წლის აგვისტოში, ცნობადობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განხორციელდა რებრენდინგი, რის შედეგადაც „ევექსი ჰოსპიტლები“ ახალი ბრენდის, „ვიანის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას. განახლდა კომპანიის ლოგო და ვიზუალური იდენტობა. „ევექსი კლინიკები“ კი ბაზარზე „ევექსის“ ბრენდით აგრძელებს პოზიციონირებას.

jandacva.ge