სამთავრობო პროგრამაში, რომელიც განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა, ჯანდაცვის სფეროს განვითარების პრიორიტეტებზეცაა საუბარი. 


მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და შესაბამისად, ხარისხიან სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია და მოქალაქეზე ორიენტირებული და სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი გაძლიერება მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთი-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. 


დოკუმენტის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კვლავ უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალური მოცვა. ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება სერვისების სპექტრის გაზრდის მიზნით - დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციის ჩათვლით. გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების (სოციალურად დაუცველთა, საპენსიო ასაკის პირთა, ვეტერანთა და სხვ.) ქრონიკული დაავადებების სამკურნალო და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა.


პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. ამავდროულად, უცხოეთის წამყვან კლინიკებთან ქართველი ექიმების თანამშრომლობის ხელშეწყობით, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები დაინერგება.


გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებების და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ავტოპარკის განახლება. გაგრძელდება პარამედიკოსების მომზადება და სისტემაში ინტეგრაცია. 


სამთავრობო პროგრამის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. გაგრძელდება სოფლის ამბულატორიებში ტელემედიცინის დანერგვის ღონისძიებები, რაც მოსახლეობისთვის მარტივად ხელმისაწვდომს გახდის ფართო სპექტრის სამედიცინო მომსახურებას. გაძლიერდება ავადობისა და სიკვდილიანობის ყველაზე მძიმე ტვირთის მქონე დაავადებათა პრევენცია და პრიორიტეტული გახდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, მათი გართულების თავიდან ასაცილებლად. 


დოკუმენტში ასევე წერია, რომ განხორციელდება საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანები. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება საოჯახო ტიპის სახლების და ახალ სტანდარტებზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების ჩამოყალიბება.


ჯანდაცვის სექტორის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება სამედიცინო სერვისების ანაზღაურებისათვის დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის (DRG) დანერგვა. პაციენტის უსაფრთხოებისა და საუკეთესო კლინიკური გამოსავლების მისაღებად, ქვეყანაში დაინერგება საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტები. 


გაგრძელდება საერთაშორისო აკრედიტაციის მექანიზმის დანერგვა, სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისთვის. დარგობრივ ასოციაციებთან თანამშრომლობით, განახლდება ექიმების და ექთნების დიპლომისშემდგომი მზადების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა. მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, განხორციელდება ფარმაცევტული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, გაფართოვდება რეფერენტული ფასების სისტემა და ინოვაციური წამლების შესყიდვის მექანიზმები. გაძლიერდება წამლის ხარისხის კონტროლის ეროვნული ლაბორატორია. გაგრძელდება მედიკამენტების რაციონალური მოხმარების მონიტორინგი.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტისა და სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციისა და ელიმინაციის მიზნით, გაძლიერდება ეპიდზედამხედველობის სამსახურები. ასევე, გაფართოვდება რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების და დროული რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდება ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული მულტისექტორული სამოქმედო გეგმა.