ჯანდაცვა არის ბიზნესი და მის ეფექტიან მართვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს - ესაა ერთ-ერთი შეფასება, რომელიც საქართველოში წლებია აქტუალობას არ კარგავს.  ამ მოსაზრებას გამოთქვამს jandacva.ge-სთან საუბარში, ადამიანის რეპროდუქციის და ემბრიოლოგიის ასოციაციის ლობისტი ზვიად კორძაძე. რეპროდუქციული კლინიკებისთვის დაგეგმილ რეგულაციებზე საუბრისას ის აცხადებს, რომ არ არსებობს ბიზნესი, სადაც სახელმწიფო წარმატებული მმართველია. ამასთან, მისი თქმით, რეგულაციები გონივრული უნდა იყოს, არ უნდა გულისხმობდეს სრულ აკრძალვას, როგორც ამას რიგი მიმართულებით სახელმწიფო გეგმავს რეპროდუქციის სფეროშ, და დარგს განვითარების საშუალება უნდა მისცეს. ასეთი მიდგომის მაგალითად იურისტი ასახელებს კომუნიკაციების სექტორს, რომელიც მკაცრადაა რეგულირებული, მაგრამ წარმატებით ვითარდება. 


ექსპერტთა მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ბიზნესი, სხვა ნებისმიერი ბიზნესისგან განსხვავებულად უნდა იმართებოდეს. 

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტის თენგიზ ვერულავას თქმით, ჯანდაცვის სერვისი არის ისეთივე მომსახურება, რაც სხვა სფეროებშია იმ კუთხით, რომ ადამიანები მათში ფულს იხდიან. მაგრამ, როგორც ექსპერტი ამბობს, აღმოცნდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა განსხვავდება ბაზარზე არსებული სერვისებისაგან. 

„ბევრი დაავადება გადაუდებელი და მოულოდნელია. ჩვეულებრივ ბაზარზე ვგეგმავთ რა ვიყიდოთ, ამისთვის ვაგროვებთ ფულს. ადამიანის გადაწყვეტილებები არის დაგეგმილი. ჯანდაცვაში კი არსებობს მოულოდნელობის ეფექტი, რაც ძალიან ნეგატიურია. თან არსებობს დაავადებები, რომლებიც ძალიან ძვირია - ზოგჯერ იმდენად, რომ  ადამიანისთვის კატასტროფულ ხარჯებს იწვევს. 


შესაბამისად, მივდივართ ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან. 

ან ფული უნდა ისესხოს ადამიანმა, ან, საზოგადოების სოლიდარობის შედეგად მოიძიოს თანხა. 
თუ ჩვეულებრივ ბაზარზე შეგვიძლია გადავალაგოთ ჩვენი გეგმები, მოვიცადოთ, თანხა დავაგროვოთ, ამას ჯანდაცვაში ვერ ვიზამთ. 

რეაგირება იმწუთას უნდა მოვახდინოთ, მაგალითად, ჩავიტაროთ ოპერაცია ან მივიღოთ სხვა სახის მკურნალობა. მოულოდნელობა, ძვირადღირებულობა და გადაუვადებლობა ქმნის ჯანდაცვის განსხვავებულ ნიშან-თვისებას, რომელსაც ვერ დატოვებ თავისუფალი ბაზრის პრინციპზე,“ - აცხადებს ვერულავა.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში ერთ-ერთი მექანიზმია დაზღვევა. ექსპერტის განცხადებითვე, სახელმწიფომ უამრავი მარეუგლირებელი მექანიზმი უნდა ჩართოს, რომ ადამიანი ჯანმრთელობის კუთხით დაცული იყოს,“ - განაცხადა თენგიზ ვერულავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში.