წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო მოამზადებს სიტუაციურ ანალიზს DRG-ს მიმდინარეობის შესახებ და ამის საფუძველზე დადგინდება, საჭიროა თუ არა DRG-ს საბაზისო ტარიფის გადახედვა და თუ საჭიროა - რამდენით. 
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, შესაბამისი დადგენილების თანახმად, DRG-ს საბაზისო ტარიფის გადათვლა წელიწადში ერთხელაა განსაზღვრული, თუმცა არაა აუცილებელი, გადათვლის შედეგად ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა მოხდეს.

„რამდენიმე თვის წინ, საერთაშორისო პარტნიორების რჩევით შევქმენით საბჭო, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და დარგობრივი ასოციაციის წევრები არიან. ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლოს მოამზადებს სიტუაციურ ანგარიშს, საჭიროა თუ არა საბაზისო ტარიფის გადახედვა და ერთად ვიმსჯელებთ გადასახედია თუ არა, და - რამდენად არსებითად. 
ინფლაციიდან და სტატისტიკის ანგარიშებიდან გამომდინარე, წელს არ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა, პირიქით, მედიკამენტების ნაწილში დეფლაციაც გვაქვს. ამიტომ მნიშვნელვან გადახედვას არ ველდოებით, თუმცა სერვისების დაფინანსების ნაწილში მნიშვნელოვნად გავაფართოვებთ DRG-ს ნაწილს,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

გასული წლის პირველი ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში სამედიცინო სერვისებზე ტარიფები დაფინანსების ახალი მოდელით იანგარიშება. კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი გამოითვლება საბაზისო ტარიფისა და „დიარჯის“ „წონის“ მიხედვით .