როდის და რა მოდელით დაიწყება ონკოლოგიური პაციენტებისთვის მორიგი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ძვირადღირებული კვლევების დაფინანსებას გულისხმობს? კონკრეტული ვადები არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სიახლე ჯერ კიდევ შარშან დააანონსა, თუმცა იმისთვის, რომ ძვირადღირებული სერვისებისთვის თანხები გამოიყოს, არაერთი, მათ შორის სამედიცინო საკითხებისა და მკაფიო გაიდლაინების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს. ამ და სხვა საკითხებზე, რომლებიც ონკოპაციენტების სრულფასოვანი მკურნალობის გზაზე ბარიერებს წარმოადგენს,  პარლამენტში რამდენიმე თვის წინ თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და ექიმებს აერთიანებს. 
მოკვლევა, რომელმაც ამ საკითხებზე პასუხი უნდა გასცეს და რეკომენდაციებიც შეიმუშაოს,  უკვე დასრულდა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, მათი მუშაობის მიზანია პრობლემების იდენტიფიცირება. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვს მიცემულ ინტერვიუში ზავრადაშვილი აცხადებს, რომ მთავარ ხარვეზებს შორის გამოვლინდა პრობლემები ნაადრევი დიაგნოსტიკისა და  მკურნალობის უწყვეტობის მიმართულებით.


„მთელი ჯანდაცვის სამინისტრო მომართულია იმისთვის, რომ ონკოლოგიური პაციენტების უფლებები იყოს ბოლომდე დაცული და მათი ხელმისაწვდომობა როგორც პრეპარატებზე, ისე პროცედურებზე იყოს რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებული,“ - აღნიშნა ზავრადაშვილმა. 


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ კი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ გენეტიკური კვლევა ყველა სიმსივნეს არ სჭირდება და ამის საჭიროება ექიმმა უნდა განსაზღვროს.

თემატური მოკვლევის მოწვეული ექსპერტი ივანე კილაძე აცხადებს, რომ პაციენტებისთვის პირველადი დიაგნოსტიკა დღეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა მის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებულია.

„პირველადი დიაგნოსტიკა გულისხმობს მთლიანად რადიოლოგიური, ენდოსკოპიურ თუ ჰისტოლოგიურ კვლევებს, რომლებიც დღესდღეობით არ ფინანსდება. მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პწრიოდში ამის დაფინანსება მოხდება. ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე მუშაობს და ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუმცა არ მაქვს ინფორმაცია, რომელი თვიდან იქნება ის ხელმისაწვდომი”, - განაცხადა ივანე კილაძემ.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაციენტებისთვის დააანონსა ცვლილება, რომელსაც პაციენტები და ექიმები დიდი ხანია ითხოვდნენ - სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტებზე ფინანსური ლიმიტი იხსნება.

კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული წამლების ღირებულება ონკოპაციენტის მკურნალობისთვის გამოყოფილ წლიურ 25 000 ლარიან ლიმიტს არ გამოაკლდება და ცალკე პროგრამით, ულიმიტოდ დაფინანსდება. 25 ათას ლარს კი პაციენტები სხვადასხვა პროცედურისთვის მოიხმარენ. ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ამ დროისთვის 25 000-ლარიანი ლიმიტი ამოწურული აქვთ. ცვლილება ძალაში რამდენიმე დღეში, შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადების შემდეგ შევა.