2025 წლის პირველი კვარტლისთვის საქართველომ უნდა შეიმუშაოს ახალი, წინა გეგმასთან შედარებით უფრო ამბიციური გეგმა ატმოსფეროში სათბური ეფექტის მქონე ემისიების შემცირების მიზნით. მანამდე არსებული გეგმა, 1990 წელთან შედარებით, 2030 წლისთვის ემისიების 35%-ით შემცირებას ითვალისწინებდა.

ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო თხილავამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
მაუწყებლის ინფორმაციით, სახელმწიფო აძლიერებს მზადყოფნას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული მზარდი საფრთხეებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის სისტემების კუთხით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გლობალური საფრთხეების მატების გამო, გასული წლის ბოლოს დამტკიცდა “თბურ ტალღებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მართვის 2024-2030 წლების სამოქმედო გეგმა”. გეგმის თანახმად, თბური ტალღა ნიშნავს სტატისტიკურად უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში.  


დოკუმენტის მიხედვითვე, ასეთი საფრთხის მოახლოების შემთხვევაში, გარემოს დაცვის სააგენტო ჯანდაცვის უწყებებს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის, რის საფუძველზეც  მოსახლეობას მოსალოდნელი რისკების შესახებ გააფრთხილებენ და სათანადო რეკომენდაციებს მიაწვდიან. გეგმა ითვალისწინებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას შორის კოორდინაციის გაძლიერებაა და რეაგირების გაუმჯობესებას, მათ შორის სასწრაფო დახმარების მზადყოფნის გაძლიერებას. 


რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აპრილისთვის არადამახასიათებელი სიცხეები ფიქსირდება, მაღალი ტემპერატურის პიკი კი 25 აპრილს დაფიქსირდება, როცა დასავლეთ საქართველოში 36-37 გრადუსი, აღმოსავლეთში კი 32-33 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი. ამიტომ მედიკოსები მოუწოდებენ ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, დღის პერიოდში თავი შეიკავონ მზეზე სიარულისგან. ასევე სიფრთხილე მართებთ ბავშვების, განსაკუთრებით ჩვილების მშობლებს.