ძვირადღირებული მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვის შედეგად ონკოლოგიური პაციენტები წამლების სრული კურსის მიღებას შეძლებენ და აღარ იქნება იმის საფრთხე, რომ არასაკმარისი რესურსების გამო, მათ მკურნალობის პროცესი ბოლომდე არ მიიყვანონ. ამის შესახებ სპეციალისტები საუბრობენ.

როგორც თოდუას კლინიკის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა თამარ მელქაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ამ მედიკამენტების მიღება აუცილებელია დაავადების პროგრესირების თავიდან აცილებისთვის, ხოლო როცა პაციენტი მას საერთოდ ვერ იღებს ან, ნაწილობრივ იღებს, შესაძლოა, დაავადება გართულდეს. ეს რისკი კი სახელმწიფოს მიერ გადაგმულმა ნაბიჯებმა მოხსნა.

„ამ წამლების დაფინანსებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს წამლები მიიღება დაავადების პირველი ნიშნების პროგრესირებამდე. პაციენტებს უბრალოდ ეწურებოდათ რესურსი და პრაქტიკულად უმედიკამენტოდ რჩებოდნენ, რის შემდეგაც შეიძლებოდა, დაავადების პროგრესირებაც კი დაფიქსირებულიყო. უწყვეტ რეჟიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო შედეგის დადგომისთვის,“- განაცხადა მელქაძემ.  


ორგანიზაცია “ევროპა დონა საქართველოს” პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი განმარტავს, რომ ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფოს მიერ წლიურად გამოყოფილი 25 ათასი ლარი, მედიკამენტების მაღალი ფასის პირობებში, არ იყო საკმარისი სრული კურსით მკურნალობისთვის. ახლა კი, როცა ამ წამლების ფასები შემცირდა, პაციენტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მკურნალობა ბოლომდე მიიყვანონ.

„როდესაც რამდენიმე ათასი ლარი ღირს თვის ნორმა, 2-3 თვეს, მაქსიმუმ 4 თვეს ყოფნიდათ პაციენტებს ლიმიტები. სახელმწიფოსთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ, როცა პაციენტი მკურნალობას დაიწყებს, მკურნალობის პროცესი უწყვეტად გავიდეს ბოლომდე,“ - განაცხადა მაზანაშვილმა. 


შეგახსენებთ: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ. 13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან, „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს.


ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“.