რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, საყოველთაო ჯანდაცვის ან სახელმწიფოს დაფინანსებით მოქმედი სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში თუ ფონდების საშუალებით? ამ საკითხებში მოქალაქეთა უკეთ ინფორმირებულობის მიზნით jandacva.ge პერიოდულად გამოაქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობას, ოპერაციასა თუ თერაპიას აფინანსებს სახელმწიფო, ვის და სად უნდა მიმართოს პაციენტმა და როგორ უნდა მიიღოს დაფინანსება.
დღეს წარმოგიდგენთ ინფორმაციას იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.
სახელმწიფო მოქალაქეებს 16-მდე იშვიათი დაავადების სამკურნალო საშუალებებს უფინანსებს.
მიწოდება ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით, რომლის მისაღებად მოქალაქემ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ჯანდაცვის სამინისტროს შენობა, წერეთლის 144,) ან მის ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართოს, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფორმა-100, წარმომადგენლის მიმართვისას კი პირადობის მოწმობა აღნიშნულმა პირმაც უნდა წარადგინოს.
ფინანსდება სამკურნალო საშუალებები შემდეგი დაავადებებისთვის: სპინალურ-კუნთოვანი ატროფია, ჰემოფილია, ფენილკეტუნორია, მუკოვისიციდოზი, ბრუტონის დაავადება, საერთო ბარიაბელური იმუნოდეფიციტის სინდრომი, ზრდის ჰორმონის დეფიციტი, ტერნერის სინდრომი, რასელ სილვერის სინდრომი, პრადერ-ვილის სინდრომი, იუვენილური ართრიტი, დიდი თალასემია, თანდაყოლილი დიზერითროპოეტური ანემია ტიპი 2, ფილტვების იდიოფატიური ფიბროზი, ვილსონის დაავადება, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია
ამასთან, პროგრამა მოიცავს იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სახელმწიფო ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებსაც, ჰემოფილიის და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრეობითი დაავადებების ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას.
მოქალაქეებს დამატებითი ინფორმააციის მიღება შეუძლიათ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე infonha@moh.gov.ge, საკუთარ ოჯახის ექიმთან ან ცხელ ხაზზე: 1505