კლინიკენის DRG-ის სისტემით დაფინანსებაზე გადასვლა კლინიკებთან და სამედიცინო საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაციის და ფართო ჩართულობის გარეშე მოხდა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაალ მიქელაძემ JANDACVA.GE-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ნაჩქარევი გადასვლის ერთ-ერთი შედეგი რეანიმაციული საწოლების დეფიციტია.

„წინა მინისტრის დროს დიარჯიზე გადასვლა მოხდა კლინიკებთან და სამედიცინო საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაციის და ფართო ჩართულობის გარეშე, მოუმზადებლად და აჩქარებულად, რამაც გარკვეული პრობლემები და შეფერხებები შექმნა. რეანიმაციულ საწოლფონდების ტარიფებში შევიდა ცვლილებები, თუმცა კლინიკებთან კომუნიკაცია გვარწმუნებს, რომ ეს ტარიფები და ის სანებართვო პირობები, რამაც რეანიმაციული საწოლფონდი შეამცირა, გადასახედია. გვაქვს შემთხვევები, როცა, მაგალითად, ბათუმელი პაციენტის ოზურგეთში გადაყვანა ხდება საჭირო.

რა თქმა უნდა, დიარჯი სისტემა ევროპაში მიღებულია და ეფექტურად მუშაობს, მაგრამ იქ განვითარებულია პაციენტების ზედამხედველობა პირველადი ჯანდაცვის დონეზე და ამდენი რეანიმაციული საწოლი საჭირო არ არის. ჩვენ კი ამ მხრივ სხვაგვარი რეალობა გვაქვს - ადამიანები პირველადი ჯანდაცვის იმ სერვისებსაც არ მოიხმარენ, რომლებიც გვაქვს. ამიტომ ევროპაში არსებული მოდელის ავტომატური გადმოტანა არ არის სწორი.

დიარჯი მოდელი წარმატებულია იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო წილი მაღალია - 50% და მეტი - ან არსებობს ძლიერი და კარგად განვითარებული არამომგებიანი კერძო სექტორი. ჩვენს ქეყანაში სახელმწიფო კლინიკები მხოლოდ 15%-ია და წინა ხელისუფლების „დამსახურებაა,“ რომ ჩვენ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდით,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისი თქმით, სამედიცინო სექტორის გაუმჯობესებისთვის უკვე იყო კომუნიკაცია კლინიკებთან, შეხვედრები კლინიკურ მენეჯერებთან, სამედიცინო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, და საჭიროა ამ პროცესის გაგრძელება. 
პარლამენტარის თქმით, ასევე საჭიროა იმ შემთხვევების დეტალური ანალიზი, სადაც სახელმწიფო დაფინანსება ხარჯებს სრულად ვერ ფარავს. 


„გვაქვს შემთხვევები, როცა მხოლოდ სახარჯი მასალის თანხას თუ ფარავს სახელმწიფო დაფინანსება. ასეთ შემთხვევაში ექიმებისთვის ანაზღაურება  არ რჩება და მენეჯერების მხრიდან საათობრივი ანაზღაურების ამარა რჩებიან, რაც მაღალი არ არის. ამიტომ ექიმები და კლინიკები მიმართავენ პრინციპს, როცა პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გაყავთ, ეს კი სამედიცინო სერვისებზე  მოქალაქეების ხელმისაწვდომობას ამცირებს და ფინანსურ ტვირთს ზრდის,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ და აღნიშნა, რომ სამინისტროსთან ერთად ამ საკითხების შესწავლა და გაანალიზება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში DRG სისტემა 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა.  რეფორმა მიზნად ისახავდა ჯანდაცვის სექტორში ხარჯების მართვის, გამჭვირვალობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ბოლოსთვის, რეფორმის შედეგად პაციენტების თანაგადახდების წილი საშუალოდ, 27%-დან 12%-მდე შემცირდა.

2022 წლის შემდგომ პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა - მაგალითად, ზოგიერთი სამედიცინო სერვისის მიღებისას, პაციენტს თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცა კონკრეტული სახარჯი მასალის შერჩევის შემთხვევაში. მანამდე სასურველი მასალის (მაგალითად, სტენტის) გამოყენებისთვის  მას ერთჯერადად უნდა დაეტოვებინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ოპერაციის მთელი ხარჯი თავად უნდა აენაზღაურებინა.