წელს ველოდებით სიახლეს კიბოს ადრეული კვლევების დაფინანსების მიმართულებით, რაც მოქალაქეებისთვის დღეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ ონკოლოგმა ნათია ჯოხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ონკოლოგიის მიმართულებით ქვეყანაში ბევრი ხარვეზია, მათ შორისაა ადრეული მიმართივანობის დაბალი მაჩვენებელი. 

„ქვეყანაში მუშაობს უფასო სკრინინგი. ამის მიუხედავად, არ გვაქვს ადეკვატური დაფარვა. ვერა და ვერ ავწიეთ ის ნიშნული, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ სკრინინგმა დაგვიცვას და პრევენცია მოახდინოს,“ - განაცხადა ნათია ჯოხაძემ. 


მისი თქმით, პრობლემაა პირველადი დიაგნოსტიკაც, რომელიც აქამდე სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებადი არ ყოფილა და სახელმწიფოსთან ერთად ექიმებმა ბევრი იმუშავეს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რათა ეს ვითარება შეცვლილიყო. 

“ვფიქრობ, წელს ეს ამბავი შეიცვლება და წელს ველოდებით სიახლეებს სახელმწიფოსგან. ძალიან ბევრი პაციენტი ვერ ახერხებს ექიმთან მისვლას და ადეკვატურ დიაგნოსტიკას, რადგან ეს ძალიან დიდ ხარჯებთანაა ასოცირებული. ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე მკურნალობაზე -

რაც თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდებს მოითხოვს. ესაა მოლეკულური და გენეტიკური  კვლევები, მაღალტექნოლოგიური ბირთვული მედიცინა. ეს ძალიან ძვირადღირებულია და თუ პაციენტს გვერდში არ უდგას სახელმწიფო, ძალიან რთულია, ადამიანმა თავად გაართვას ამ ყველაფერს თავი,“- აღნიშნა ნათია ჯოხაძემ.
პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი ონკოლოგი ივანე კილაძე, რომლის განცხადებითაც, ონკოლოგიაზე ხელმისაწვდომობა საქართველოზე მდიდარი ქვეყნებისთვისაც კი პრობლემაა, რადგან დარგი ძალიან სწრაფად ვითარდება, შემოდის ახალი მეთოდები, რაც ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. 


საქართველო კი, კილაძის განცხადებით, საშუალო შემოსავლის ქვეყანაა და რესურსებში შეზღუდულია, თუმცა ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენთანაა დანერგილი,  არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი იმასთან შედარებით, რაც 10 წლის წინ გვქონდა. ამასთან, ივანე კილაძე ამბობს, რომ ის რესურსები, რაც საქართველოს გააჩნია, მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ უკვე განაცხადა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსების დაწყების შესახებ. დეტალები უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს ცნობილი.