აუცილებელია, 2025 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე გამოყოფილი თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 3% იყოს. 
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ განაცხადა.

„2023 წლის მაჩვენებლით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 80 მილიარდია, 2024 წლის მაჩვეებლით კი დაგეგმილია 86 მილიარდამდე. მთლიანად ჯანდაცვაზე დანახარჯი გვაქვს  2,2%, რაც, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. აუცილებელია 2025 ბიუჯეტში დანახარჯები ჯანმრთელობაზე იქნას აწეული 3%-ზე. ეს პროცესი ყველაფერს შეუწყობს ხელს - დემოგრაფიული პოლიტიკით დაწყებული, პრევენციით გაგრძელებული, და ჩვენი მოქალაქეების გამოჯანმრთელებით დამთავრებული,“ - განაცხადა ზაზა ლომინაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ, საკომიტეტო მოსმენაზე, უმრავლესობის წევრებმა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთანაც დააყენეს.

„ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ თანახმად, 2030 წლისთვის ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-ს 7% უნდა იყოს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში, ჯანდაცვის პროგრამებზე 1 მლრდ 802 მლნ ლარია გამოყოფილი. ჯანდაცვის (და არა მთლიანად სამინისტროს) ბიუჯეტის მშპ-ს 3%-მდე გაზრდის შემთხვევაში, 2025 წელს, აღნიშნული მიმართულების დაფინანსებამ 2,58 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს.