პლასტიკურ ქირურგიასა და ესთეტიკურ გინეკოლოგიაზე რიგები დგას და ეს ოპერაციები 3-4-ჯერ ძვირია, ვიდრე ქირურგიული ჩარევები კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებში.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე, ონკოლოგიის საკითხებში თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენის დროს,  ონკოქირურგმა ილია გოცაძემ განაცხადა. მან DRG-ს ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ტარიფების სიმცირეს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს თანხები დარგის განვითარებას ხელს არ უწყობს.

„ბარიატრია 15 ათასი თუ ღირს, კუჭის კიბოს ლაპარასკოპიული ოპერაცია 5300 როგორ უნდა ღირდეს?“ - აღნიშნა ილია გოცაძემ.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ კლინიკური სფეროს უდიდესი ნაწილი კერძო ბიზნესია, ონკოქირურგიის დარგის განვითარება დამოკიდებულია კლინიკის დამფუძნებლის და მმართველობის კეთილ ნებაზე. 
„საამწუხაროდ, 10-11 წლის განმავლობაში მე მესმის ჩემს ოპერაციებზე სიტყვები „გადახარჯვა,“ „არამომგებიანი“ და ა.შ. მედიცინაში უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ხარისხი. იმ  ოპერაციების ხარისხის შემოწმება, რომლებიც კეთდება,  ძალიან მარტივია. კლინიკები ძირითადად კერძოა და, შესაბამისად, არ უნდა აგებდეს მაინც. მე ყველაზე მეტად ის საკითხი მაწუხებს, რომ ხვალ ჩემ დარგში არანაირი ინვესტიცია არ ჩაიდება. არ მიყიდიან ახალ ლაპარასკოპიურ დანადგარს, რობოტული ოპერაციები, რისთვისაც ჩვენი პაციენტები თურქეთში და სხვა ქვეყნებში მიდიან, საქართველოში არ დაინერგება - რობოტს არავინ არ იყიდის, იმიტომ, რომ წამგებიანია,“ - განაცხადა ილია გოცაძემ.

ჯანმრთელობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ კი განაცხადა, რომ DRG ერთი წელია რაც მოქმედებს და 2024 წელი ბევრი კოდი გადაიხედება.