მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "დიალოგის" თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ლევან მესხიშვილის განცხადებით, ბავშვთა თერაპიაზე მომართვიანობა ყველაზე მაღალია, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გაჯეტებზე დამოკიდებულება გამოიყოფა.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, სხვა სერვისებზე, მათ შორის, ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიებზე, წყვილების კონსულტაციასა და ფსიქიატრის მომსახურებაზე - მოთხოვნა შედარებით თანაბარია.
"სამწუხაროდ, საქართველოში ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიის თემა მაინც სტიგმატიზებულია, თუმცა ტენდენცია დადებითია. დღითიდღე ადამიანები და კომპანიები ხვდებიან მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
სერვისების კუთხით - მოთხოვნის რაოდენობიდან გამომდინარე გამოკვეთილი მაინც ბავშვთა თერაპიაა. მშობლები ბავშვების ნაწილში უფრო თამამები არიან, თანხებიც არ ენანებათ. მოგვმართავენ ბავშვების გაჯეტებზე დამოკიდებულების თემით, რაც შემდეგ მათ უხასიათობასა და შფოთვებს იწვევს", - აცხადებს ლევან ლევან მესხიშვილი.
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, მომართვიანობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან დაჩქარებულ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ადამიანებისთვის აუცილებელი ხდება.
"დიალოგი" ოქტომბრის ბოლოს საქართველოში პირველ მენტალური ჯანმრთელობის ფესტივალს ატარებს, სადაც ცენტრს საერთაშორისო ლიცენზირების მქონე ჰოლოტროპული სუნთქვის ფასილიტატორი ჩამოჰყავს და მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში ჯერჯერობით არ ყოფილა.
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "დიალოგი" ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისს - მათ შორის, ბავშვთა კონსულტაციას, ფსიქიატრის მომსახურებას, წყვილების კონსულტაციას, ინდივიდუალურ და სხვადასხვა ჯგუფურ თერაპიებს სთავაზობს.
Bp.ge