საქართველო ღეროვანი უჯრედების მსოფლიო რეგისტრს უერთდება. აღნიშნულს ორგანიზებას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა უწევს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, რეგისტრში გაწევრიანებით, საქართველოს ღეროვანი უჯრედების დონორის მოძიების საშუალება 75 ქვეყანაში ექნება. შესაბამისად, კლინიკა მსოფლიო ბანკიდან დონორის მიღების გზით, ძვლის ტვინის ალოგენური არანათესაური და ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაციის განხორციელებას შეძლებს.
„ეს იქნება უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, თუ არ აღმოჩანდათ და-ძმა ან ოჯახის წევრი, რომელიც დონორად გამოადგებათ, მთელ მსოფლიოში მოიძიოს ინფორმაცია და გამოუჩნდეს დონორი, რომლის საშუალებითაც პაციენტების სიცოცხლე გადარჩება,“- განაცხადა ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
დონორთა მსოფლიო ბანკის წევრობით, საქართველოს მოქალაქეები ღეროვანი უჯრედების როგორც აუტოლოგიურ ისე ალოგენურ (არანათესაურ) და ჰაპლოიდენტურ გადანერგვას ადგილზე შეძლებენ.
აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურსა და ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი გოჩა ინგოროყვა, კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ქოჩორაშვილი, ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე და სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, ტრანსფუზიოლოგი ნინო ფუხაშვილი, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ტრანსპლანტაციის ევროპის ასოციაციის პრეზიდენტი ანა მარია სურედა ბალარი, მსოფლიო დონორთა ბანკის პრეზიდენტი ლიდვინა მარია ვან გოზენი, ესპანეთის დონორთა ბანკის ხელმძღვანელი მარია ნურია ვია მარჯისი.
ინგოროყვას კლინიკა ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტში, თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის განმახორციელებელია
ალოგენური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სხვა, ჯანმრთელი დონორის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას გულისხმობს, აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია კი თავად პაციენტის უჯრედის გადანერგვას ნიშნავს.