მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ინოვაციური საექთნო სამსახური იქმნება, რომელიც სამდონიანი (სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერაციული) სტრუქტურა იქნება. 

ამ სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და “ექთანთა გაერთიანების”  ორწლიანი პარტნიორობის ფარგლებში დაწყებული პირველი ერთობლივი პროექტი. პროექტის ოფიციალურ წარდგენას ესწრებოდნენ თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ექთანთა გაერთიანების წარმომადგენლები, პროექტის გუნდის წევრები და ის აპლიკანტები, რომლებიც თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკისთვის ექთანთა შერჩევის პროცესში ჩაერთვნენ. აპლიკანტ ექთანთა პირველ ნაკადს დეტალურად გააცნეს გუნდის შემადგენლობა და  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე.


მოდელის მიზანია თანამედროვე, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მართვის სისტემის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს როგორც პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ისე მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.


პროექტის ძირითადი მიზნებია: საექთნო განათლებისა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერება;

პროფესიული პრაქტიკის ხარისხის ამაღლება;

რეგულაციური რეფორმების ეფექტიანი განხორციელება;

მენტალური ჯანმრთელობის სფეროში, ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მიმართულებით, პაციენტზე ორიენტირებული, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საექთნო მომსახურების განვითარება;

მენტალური ჯანმრთელობის სფეროში საექთნო პრაქტიკის ხარისხის სტანდარტების (QPI) ინდიკატორების დანერგვა.

საექთნო QPI და KPI ფოკუსირებული პროგრესული სახელფასო პოლიტიკის (პოლისების) დანერგვა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტებმა გაიარეს ტესტირება - ექთნების შერჩევის პროცესის პირველი ეტაპი. 


ექთნების შერჩევა სამეტაპიანია: პირველი ეტაპი მოიცავს ტესტირებას, მეორე – გასაუბრებას, ხოლო მესამე ეტაპი გულისხმობს სპეციფიკური კლინიკური მიმართულებების მიხედვით გადამზადებას.
აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში საექთნო საქმიანობის განვითარებას, პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებასა და პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი მენტალური ჯანმრთელობის კლინიკა ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის 17 ნომერში მდებარეობს. მისი მშენებლობა დასრულებულია და ის პაციენტების მიღებას გაზაფხულიდან შეძლებს.