ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, რადგან ეს მაღალკვალიფიციურ ექიმებთან, ტექნოლოგიებთან და სამინისტროს გეგმებთანაა დაკავშირებული - იგულისხმება რესპუბლიკური საავადმყოფო.
მინისტრის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებასაც ითვალისწინებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბავშვებისთვის მკურნალობა საზღვარგარეთ შეგვეთავაზებინა. სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში შეძლებენ,“ - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, სამივე ქვეყანაში 30-მდე ბავშვი მკურნალობს.
„ვამატებთ პროვაიდერებს. ვფიქრობთ, რომ ესეც ძალიან წარმატებული პროექტია, ვინაიდან , ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგად გამართული ბავშვთა ონკოლოგია. ამ გამოცდილებას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების კმაყოფილებაც,“- განაცხადა აზარაშვილმა.