სისხლის უანგარო დონორობის განვითარების მიზნით ქვეყანაში ახალი კამპანია დაიწყო. 

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის „სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის ფარგლებში“ პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით ისთ ფოინტში, კარფურის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ეროვნული კამპანიის მიზანია ქვეყნის მასშტაბით სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია და უანგარო, რეგულარული დონორების მოზიდვა და შენარჩუნება ნებაყოფლობითი დონორების საერთო რიცხვის გაზრდის მიზნით.

კამპანიის ფარგლებში თბილისსა და დიდ ქალაქებში სისხლის უანგარო დონაციის აქციები და მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტურ თვითმმართველობებთან, მსხვილ დამსაქმებლებთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, არასამთავრობო, მედია ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან გაიმართება.

ქვეყანაში სისხლის ახალი, გაუმჯობესებული სისტემის ჩამოყალიბებისათვის ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად 2022 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მიხედვითაც 2025 წლის 1 ივლისიდან სისხლის ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ ჩაბარება კანონით იქნება აკრძალული.

კანონის ფარგლებში კერძო სისხლის ბანკებს ჩაანაცვლებს ცენტრალური სისხლის დაწესებულება, რომელსაც სახელმწიფოს სახელით საქართველოს მთავრობა დააფუძნებს.