უცხოეთში მკურნალობის მსურველთა შორის სულ უფრო აქტიურდება ინტერესი აზიური ქვეყნების მიმართ. აღნიშნული მიმართულების უპირატესობა კი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების დაბალი ფასებია ევროპასა და თურქეთთან შედარებით.
ამის შესახებ სამედიცინო კონსულტირების კომპანია Rhazes Global-ის მენეჯერმა ლეილა აქპეროვამ განაცხადა.
მისი თქმით, მათ კომპანიას მომხმარებლები ძირითადად ონკოლოგიური, ნეიროქირურგიის, ტრანსპლანტაციის, სხივური თერაპიის და სხვა სახის სამედიცინო მომსახურების უცხოეთში მიღების მიზნით მიმართავენ.
აქპეროვას განცხადებით, ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად თურქეთი რჩება, რაც ტერიტორიული ფაქტორიდან და ღირებულებიდან გამომდინარეობს. მისი განმარტებით, ევროპაში სამედიცინო სერვისები უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთში, აზიის ქვეყნებში კი ტარიფები კიდევ უფრო დაბალია.
„აზიის რეგიონი მედიცინის განვითარების კუთხით მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შედის, ამიტომ ჩვენც აზიისკენ მივემართებით. ამ მიმართულებით, ყველაზე ხშირად გვყავს პაციენტები, რომლებიც ინდოეთში მკურნალობენ. მაგალითისთვის ავიღოთ ღვიძლის გადანერგვა. ამ ოპერაციის ღირებულება ინდოეთში 30-დღიანი კურსის პირობებში 30 ათასი დოლარი ჯდება, თურქეთში კი იგივე ოპერაცია იგივე პირობებით 50-60 ათასი დოლარიდან იწყება. არის შემთხვევები, როცა თურქეთთან შედარებით ინდოეთში სამედიცინო სერვისების ღირებულება 50%-ით ნაკლებიცაა,“ - აღნიშნა ლეილა აქპეროვამ.
სამედიცინო კონსულტირების კომპანია Rhazes Global სხვადასხვა ჯანდაცვით, სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. მისი პარტნიორი 15-მდე ქვეყანაში არსებული კლინიკებია.