საქართველოში ექიმების 4%-ს თვეში 10 ათასი ლარის ან მეტი ანაზღაურება აქვს. ამ კატეგორიაში დაახლოებით 1000-მდე პროფესიონალი შედის.

მონაცემებს, რომლებიც 2021 წლის მაჩვენებლებს ასახავს, შეიცავს  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სახელწოდებით: „ჯანდაცვის მუშახელის მიგრაცია ჯანმოს ევროპის რეგიონში: ქვეყნების შემთხვევების ანალიზი ალბანეთიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, ირლანდიიდან, მალტიდან, მოლდოვიდან, ნორვეგიიდან, რუმინეთიდან და ტაჯიკეთიდან“.


ჯანმო აღნიშნავს, რომ 2021 წელს ექიმების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 1500 ლარი (550 აშშ დოლარი) იყო, ექთნების კი - 774 ლარი (280 აშშ დოლარი). ამავდროულად, ექიმების 14% (დაახლოებით 3400 ექიმი) თვეში 5500 ლარს ან მეტს გამოიმუშავებდა, ხოლო 4% - 10 000 ლარს ან მეტს. ეს კი, ორგანიზაციის შეფასებით, ექიმებს შორის ხელფასების არათანაბარ განაწილებაზე მიუთითებს.

ექთნები კიდევ უფრო ნაკლებს გამოიმუშავებდნენ. 2022 წელს მთავრობამ შემოიღო მინიმალური ხელფასი საათში 4.4 ლარის ოდენობით საავადმყოფოს ექთნებისთვის და საათში 7 ლარის ექიმებისთვის, 2024 წელს გაფართოვდა და გავრცელდა ექიმების ასისტენტებზე (5 ლარი საათში), ბებიაქალებზე (4.4 ლარი საათში), ექთნების ასისტენტებზე (3.5 ლარი საათში) და სანიტარულ პერსონალზე (3 ლარი საათში). 


„ექთნების კადრების გაძლიერება კვლავ გამოწვევად რჩება დაბალი ხელფასების, მუდმივი გენდერული უთანასწორობისა და ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში მიგრაციის გამო,“ - წერია ჯანმოს ანგარიშში.

ცნობისთვის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021-2030 წლის გეგმის თანახმად, ყველაზე მაღალი ანაზღაურება პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის სფეროშია და ხელფასის საშუალო მაჩვენებელი ამ სექტორში 11 ათას ლარამდე აღწევს. ამ მიმართულებით მაქსიმალური ხელფასი, 4 წლის წინანდელი მონაცემებით, 46500 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ სფეროს, სპეციალისტების ხელფასის სიდიდით, კრიტიკული მედიცინა მოსდევს.