დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში  და კახეთში რეგიონული განყოფილებები დაათვალიერა, შეხვდა თანამშრომლებს და სამუშაო სპეციფიკასა და საჭიროებებს გაეცნო.


ირაკლი ფურცელაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში რეგიონული სამსახურების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კვლავ გაგრძელდება მათი მუდმივი მხარდაჭერა, კადრების გადამზადება და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა.


რეგიონული სამსახურები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების კოორდინირებას ადგილობრივ დონეზე. 


მათი ძირითადი ფუნქციებია: ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და დაავადებათა გავრცელების პრევენცია; ინფექციური დაავადებების შემთხვევებზე რეაგირება და ეპიდაფეთქებების მართვა; მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსის შეფასება და მონიტორინგი; ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან და მუნიციპალიტეტებთან კოორდინაცია და სხვა.