საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში იმყოფება.

მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს, ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს, ასევე სომხეთის, ყაზახეთისა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძე, პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე - „პირველადი ჯანდაცვის განხორციელების პოლიტიკური ეკონომიკა: პოლიტიკის ძირითადი ცვლილებები“ - სიტყვით გამოვიდა და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

მან ყურადღება საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების განვითარებას.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მდგრადი პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ფუნდამენტს არა მხოლოდ ინდივიდუალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, არამედ - ეროვნული ჯანდაცვის სისტემების სტაბილურობისთვის.

მისი განმარტებით, პირველადი ჯანდაცვა არის ყველაზე სამართლიანი და ხარჯთეფექტური გზა, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას, არაგადამდები დაავადებებისგან ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებას და ადამიანების ფინანსური სირთულეებისგან დაცვას. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ოჯახის ექიმებისა და ექთნების გაძლიერებას, სპეციალიზებული ჯანდაცვის სერვისების ინტეგრაციასა და ციფრული ინოვაციების გამოყენებას ისახავს მიზნად. მინისტრის განცხადებით, თანასწორობა უნდა დარჩეს მთავარ პრინციპად, რათა სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ, ბავშვებმა, ხანდაზმულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებმა მიიღონ უწყვეტი, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სერვისი.საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძეს მოხსენება ექნება არაგადამდები დაავადებების პრევენციის, მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ესპანეთისა და ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრებთან.