საქართველოს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად წარადგენენ.

ეს სტატუსი ქვეყანამ კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში მიიღო, სადაც, როგორც კანდიდატი, ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა.

პროცედურაში, ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონკურენტებს შორის იყო რუსეთის ფედერაციაც. კენჭისყრისას, უმრავლესობამ, ხმა საქართველოს სასარგებლოდ მისცა. ქვეყნის სახელით, აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას კანდიდატურა.

ნომინირებული კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც მათი საბოლოო დამტკიცების პროცედურა გაიმართება. აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატად წარდგენის წინა მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. აღმასრულებელ საბჭოს სამი წლის ვადით ირჩევენ.

მისი ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და ზოგადად, მისი მუშაობის ხელშეწყობა.

ჯანმოს ევროპის რეგიონული აღმასრულებელი პრეზიდენტის მოადგილის ასტა ვალდამარსდოთირის განცხადებით, რეგიონულმა კომიტეტმა, დახურულ შეხვედრაზე, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის 2 და მუდმივი კომიტეტის წევრობის 4 კანდიდატი წარადგინა. რეგიონული კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2026 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, წევრობის კანდიდატებად წარდგებიან გაერთიანებული სამეფო და საქართველო.