ინტერვიუ სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელ, პროფესორთან, ნარკოლოგ ზურა სიხარულიძესთან
 
- ბოლო პერიოდში უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ზედოზირებამ, ასევე მკვეთრად გაზრდილია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და მენტალური პრობლემების რიცხვი. თქვენ როგორც ნარკოლოგი, როგორ შეფასებას მისცემთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას?

- სიტუაციურად ძალიან შეიცვალა ნარკოტიკის მომხმარებელთა კატეგორია. დღესათვის ნარკომომხმარებლები სულაც აღარ არიან ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ვიცნობდით 90-იან ან თუნდაც 2000-იან წლებში. ახალგაზრდები, რომლებიც დღეს მათი ჯანმრთელობისათვის უკიდურესად სახიფათო ნარკოტიკებს მოიხმარენ, საერთოდ არ თვლიან, რომ ნარკოდამოკიდებულებები არიან ან რაიმე ზიანი ადგებათ. შესაბამისად, აღნიშნული ჯგუფი გახლავთ ის კატეგორია ნარკომომხმარებლებისა, ვისთანაც ექიმებს შეხება არ გვაქვს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ რელაქსისთვის, ეპიზოდურად ან ყოველდღიურად. სამწუხაროდ, დღესათვის არ არსებობს სტატისტიკა რამდენი ადამიანი მოიხმარს საქართველოში ნარკოტიკს. ეს ადამიანები ხვდებიან ფსიქიატრიულ კლინიკებში თუ განუვითარდათ ფსიქოზი, ხვდებიან ნევროლოგებთან შფოთვის, თავის ტკივილების გამო ან ემერჯენსში ზედოზირების შედეგად.


დღეს ბაზარზე კლასიკური ოპიატების ძალიან დიდი უკმარისობაა. დეფიციტშია: ჰეროინი, კოდეინი, ოპიუმი, მორფი. ყველაზე დიდი დოზით მსოფლიოში და მათ შორის საქართველში მოიხმარენ სტიმულატორებს და ჰალუცინოგენებს. შესაბამისად, ისეთი ტიპის ნარკოტიკები, როგორიცაა  მარიხუანა, კოკაინი, ენდემეაი, ელესდე, ალფა პევეპე - ყველაზე მოთხოვნადია. კლასიკური ნარკოტიკების დეფიციტმა  მათი სინთეზური ნარკოტიკებით ჩანაცვლება განაპირობა. სინთეზური - ხელოვნურად მიღებული ნარკოტიკები ათასჯერ უფრო ტოქსიურია და ორგანიზმისთვის უკიდურესად საზიანო.
ნარკოლოგები ორიენტირებული ვართ ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელებზე. ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, რა პრობლემები აქვთ და მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დახმარებას. ყველა კვლევა ტარდება ინექციურ მომხმარებლებზე, ზიანის შემცირების პროგრამაც მხოლოდ მათთვის არის განკუთვნილი. სინამდვილე კი სავალალოა! იღუპება თაობები. იტანჯებიან ახალგაზრდები ალკოჰლიზმით, ნარკომანით, ქცევითი და ფსიქიკური აშლილობებით. ფსიქიკური აშლილობები პირდაპირ კავშირშია ნარკოტიკების უკონტროლო მოხმარებასთან.

- საზოგადოებაში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ბევრი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი თავად ამზადებს სხვადასხვა ნივთიერებებისგან ნარკოტიკს. იყენებენ ასანთის ღერის თავებს, ბენზინს და ა.შ.

- ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი პრობლემა არის ინექციური მოხმარება. ყველაფერს იკეთებენ ვენაში. გარდა კლასიკური ნარკოტიკებისა დღეს შავს ბაზარზე უამრავი სინთეტიკური ნარკოტიკია, რომლის წარმომავლობა უცნობია. საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში ნახსენებია უამრავი უცნობი ნარკოტიკი, რომლის მკურნალობის ან ზიანის შემცირების შესახებ ექიმებს შესაბამისი ცოდნაც კი არ გვაქვს. დღეს ამ სფეროში სრული ქაოსია. ამიტომ მთელი მსოფლიო შეთანხმდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გარდა, რომ შევამციროთ ზიანი ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიების ხარჯზე. სხვა გამოსავალი ამ უკონტროლო ვითარებაში არ არსებობს!

- რას გულისხმობს ზიანის შემცირება და რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში? არაფერი კეთდება ზიანის შესამცირებლად?

- სამწუხაროდ, არაფერი კეთდება. არასწორი გზით მივდივართ. აზრს არავინ ეკითხება პროფესიონალებს, არ ვაღიარებთ, რომ უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს და სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა. ზიანის შემცირება გულისხმობს მოსახლეობისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, სწორი საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვას და მართვას, პრევენციის ღონისძიებების გატარებას, რომელიც დღეს თუ არა 10 წლის შემდეგ მაინც მოგვცემს დადებით შედეგს. დღეს რომ ბავშვი ბაღში შედის, მან უნდა იცოდეს, როგორც თქვას ნარკოტიკზე უარი, როგორ გაუძლოს ბულინგს, ტრავმას ა.შ. საშინელება ხდება თანამედროვე ოჯახებში. ბავშვები მარტო იზრდებიან, დედები ემიგრაციაში წავიდნენ. უამრავი პრობლემაა საქართველში, რომელმაც მიგვიყვანა ასეთ სავალალო ვითარებამდე. წამალდამოკიდებულ ადამიანებს აქვთ სიყვარულისა და ზრუნვის დეფიციტი. აგრესიით, ზიზღითა და წამალდამოკიდებული ადამიანების დასჯით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ.

- დღესათვის რამდენი წამალდამოკიდებული ადამიანია საქართველში?

- არაფერი ვიცით, არაფერს  ვითვლით და არ ვაღიარებთ, რომ პრობლემა გვაქვს. ექსპერტების გარდა ამაზე არავინ საუბრობს. ქვეყანაში ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც 80 პროცენტზე მეტი წამალდამოკიდებული ადამიანია ჩართული და არ ვსაუბრობთ ამაზე ღიად. ამიტომ ვაცხადებ, რომ არაფერი გვეშველება მანამ, სანამ ღიად არ ვიტყვით, რომ საქართველში არიან ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, არიან ადამიანები, რომლებიც ეწევიან მარიხუანას, ბიოს, იღებენ კლუბურ ნარკოტიკს, იღებენ ამფეტამინს, მეფედრონს და ა.შ. სანამ არ დაიდება რიცხვი რამდენი მომხმარებელი, დამოკიდებული, რეკრეაციული ან ეპიზოდური მომხმარებელი გვყავს, გამოსავლების ძებნა - აბსოლუტური აბსურდია!

- რა განსხვავებაა წამალდამოკიდებულსა და მომხმარებელს შორის?

- განსხვავება ძალიან დიდია. მომხმარებელი შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ დამოკიდებული გახდეს გარკვეული პროცენტი. თუკი ჩვენ ვიმუშავებთ მომხმარებელთან, მოვახეხრებთ, რომ არ გახდნენ დამოკიდებულები. თუკი ჩვენ არაფერს გავაკეთებთ მომხმარებელთა ქცევის შესაცვლელად, არ მივაწვდით მათ სრულფასოვან ინფორმაციას მოსალოდნელი ზიანის შესახებ, მაღალი ალბათობით ეს ადამიანები გახდებიან დამოკიდებულები და სირაქლემას პოზაში ყოფნა დაგვღუპავს.


-  კანონის გამკაცრებაში თუ ხედავთ გამოსავალს ასეთი საგანგაშო სიტუაციიდან?

- ავკრძალოთ ნარკოტიკები, გავამკაცროთ კანონი, ყველა ციხეში -  ეს გამოსავალი ნამდვილად არ არის. აღნიშნული მიდგომა უკვე გავიარეთ ნულოვანი ტოლერანტობის დროს, როცა ყველა გაუშვეს ციხეში და ქუჩაში გაჩნდა სააფთიაქო - ყველაზე ტოქსიური ნარკოტიკი, გაჩნდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი - ვინტი, ჯეფი, ნაინგი ა.შ. სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანა არასწორმა ნარკოპოლიტიკამ. დიახ, არასწორია, დანაშაულია, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მხოლოდ დასჯაზე და არა ზრუნვაზე. ჩვენ ვებრძვით მხოლოდ მომხმარებლებს და არა მიმწოდებლებს. მოთხოვნა ზრდის მიწოდებას. პოლიცია არის პასუხისმგებელი მიწოდების შემცირებაზე, ხოლო ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ვალდებულნი არიან, იზრუნონ მოთხოვნის შემცირებაზე. ყველა ერთად კი ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ ჩვენი ერის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე!
როდესაც პოლიცია ამოიღებს ნარკოტიკს, ამის შესახებ საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ჯანდაცვის სამინისტრო, რა დასახელების და წარმომავლობის ნარკოტიკი ამოიღო. განათლების და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები. განათლების სისტემაში სასწრაფოდ შესატანია პრევენციული პროგრამები! ერთმანეთს ხოცავენ სექსუალური განათლების შესახებ, როცა სწორედ სკოლაში ხდება პირველად ბავშვის პროვოცირება, რომ ნარკოტიკი მოიხმაროს. სკოლაში ბავშვს აბულინგებენ და არავინაა ამ ბავშვის დამცველი. სწორედ სკოლაში მიღებული სტრესების გამო მოზარდი იწყებს დალევას, მოწევას ან ნარკოტიკების მოხმარებას. არავინ იძიებს რატომ იწყებენ ახალგაზრდები მოხმარებას. შექმნილი ვითარება არაჯანსაღი მიდგომისა და ქვეყანაში შექმნილი არაჯანსაღი გარემოს შედეგია!

- თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებით წამალდამოკიდებულ ადამიანებთან, რა ხდება ნარკოტიკების მოხმარების პირველადი მიზეზი?

- სტრესი, არაჯანსაღი გარემო, სიყვარულის დეფიციტი, ბულინგი, სექსუალური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, კომუნიკაციის არარსებობა მშობლებთან  და ა შ. არსებობს უამრავი ფაქტორი. ახალგაზრდებს უჭირთ, განიცდიან ჩაგვრას და სიყვარულის დეფიციტს. ამ დროს კი ნარკოტიკი ხდება საშუალება, რომ კარგად იგრძნონ თავი. შემდეგი ეტაპია C ჰეპატიტი, აივ ინფექცია, ციროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, უამრავი სომატური პრობლემა. ამას მოჰყვება კრიმინალი, სოციალური სიდუხჭირე. ეს ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს გვერდით, არიან ჩვენი საზოგადოების წევრები და შესაბამისად, ჩვენი მოვალეობაა ამ ადამიანებზე ზრუნვა! დაწყებული რიგითი მოქალაქიდან, მშობლიდან, მასწავლებლიდან, დამთავრებული პრეზიდენტით და პრემიერმინისტრით, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ გვაქვს საშინელი პრობლემა და ამ პრობლემას სჭირდება სასწრაფოდ მოგვარება თანმიმდევრული ნაბიჯებით!

- რას ფიქრობთ, რამდენად დიდი როლი აქვს ეკლესიას ამ ურთულეს გზაზე?

- ეკლესიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეკლესიის დამოკიდებულება კიდევ ცალკე თემაა. მათი მხრიდან საჭიროა შეგონება, თანადგომა, სიყვარული და ზრუნვა. არ შეიძლება ამ ბავშვებს ეძახო სატანები, საზიზღრები და ა.შ. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სხვა თაობაა. ჩვენ არ ვართ კორეა  ან რომელიმე ჩაკეტილი საზოგადოება. ამ ბავშვების შინაგანი თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული, ჰქონდეთ წინსვლისა და განვითარების იმედი. უიმედობა, სასოწარკვეთა, უპერსპექტივობა და დაუცველობის შეგრძნება ანადგურებს ადამიანებს.

-  თქვენ ხშირად ჩადიხართ კონსულტაციების ჩასატარებლად დასავლეთში. რა ვითარებაა ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების კუთხით ზღვისპირეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

- რამდენად სწორია აღნიშნული ნარკოპოლიტიკა ემიგრანტებთან მიმართებაში?

- რასაკვირველია, არასწორია. სამწუხაროდ, ყველა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ ძალას ეშინია პასუხისმგებლობის აღების და რეალურ პრობლემებზე საუბრის. ჩვენ არ გვაქვს თანმიმდევრული ნარკოპოლიტიკა. ჩვენი ნარკოპოლიტიკა მიმართულია მხოლოდ დასჯისკენ. პროფილაქტიკა და პრევენცია პრაქტიკულად არ მუშაობს. სამაგიეროდ, უზარმაზარი ინდუსტრია მუშაობს მიწოდებაზე, სოციალური ქსელებით და ბოტების მეშვეობით განუსაზღვრელი რაოდენობით ნარკოტიკი შემოაქვთ. ეს არის ნეიტრალური ნივთიერებები, რომელიც შეიძლება შემოიტანონ როგორც სასუქის გასამზადებელი ან წარმოებაში გამოსაყენებელი ნივთიერება და შემდეგ სამზარეულოში  დაამზადონ ძლიერი ნარკოტიკი. სინთეტიკური ნარკოტიკების სიძლიერე და ტოქსიურობა დღითიდღე იზრდება.

- თქვენ ახსენეთ, რომ ზიანის შემცირების ყველა პროგრამა განკუთვნილია ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის. არსებობს მკურნალობის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ჰალუცინოგენებს, ამფეტამინს ან მარიხუანას მომხმარებლებისათვის?

- სამწუხაროდ, ახალგაზრდების საკმაოდ დიდი კატეგორია მოიხმარს სტიმულატორებს. სახელმწიფო პროგრამა კი ამ კუთხით არ არსებობს. ამიტომ მათთვის პირადად შევიმუშავე მკურნალობის სქემა, რომელიც მხოლოდ შემდეგი ნივთიერებების მომხმარებლებზე არის მორგებული: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მეფედრონი, ალფა პევეპე, მარიხუანა და ა.შ. ამ შემთხვევაში გარკვეული მედიაკმენტების დანიშვნით და ფსიქოთერაპიის დახმარებით ვახერხებთ მათ გამოჯანმრთლებას. პროგრამაში ჩართვის პირობაა, რომ პაციენტი არ უნდა მოიხმარდეს ოპიატებს. ადგილზე ხდება შარდის შემოწმება, რათა ოპიატების მიღება გამოვრიცხოთ. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს დიაგნოსტირება. პაციენტს აუცილებლად თან უნდა ახლდეს ახლობელი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, რომ მკურნალობის მსურველი ნამდვილად დანიშნულებისამებრ მიიღებს ჩვენგან წაღებულ მედიკამენტს. ამ ეტაპზე პროგრამა იწყება თბილისში. შემდეგ ვგეგმავთ პროგრამა დავნერგოთ ქუთაისში, ბათუმში, გორში, სენაკში და მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იქნება „ამბულატორიული პროგრამა“ წამალდამოკიდებულებისთვის.

- რას ეტყვით ახალგაზრდებს, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს?

- ძალიან ვნებთ საკუთარ ჯანმრთელობას, როდესაც მოიხმართ თქვენი აზრით უსაფრთხო ნარკოტიკებს. გასაგებია, რომ არსებობს შედარებით ნაკლები ზიანის მომტანი ნივთიერებები, თუმცა დღეს შავ ბაზარზე არსებული ნარკოტიკები ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. იმ ნარკოტიკის ნაცვლად, რომელსაც გგონიათ რომ ყიდულობთ, მაღალი ალბათობით მიწაში ჩაფლული დაგხვდებათ სინთეტური ნარკოტიკი, რომელიც თქვენს სიცოცხლეს შეიწირავს.

დილერი უხილავია, მას არ აინტერესებს თქვენი სიცოცხლე, მისთვის მთავარია ფული. არავინ იცის ვინ დგას ამ ტელეგრამ არხების უკან, ვინ ყიდის სიკვდილს. კიბერ უსაფრთხოებაც კი ვერაფერს შვრება. ეს არის აწყობილი სქემა. ყველა სახელმწიფო მიხვდა, რომ ომს ვერ მოუგებს უხილავ მტერს, ხელოვნურ ინტელექტს, მანქანას, რომელიც გამოიმუშავებს ფულს და წირავს ადამიანების სიცოცხლეს. ამ მანქანას არ აინტერესებს არც ქართველები, არც ინდოელები და არც ინგლისელები. მისი მიზანია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაყიდოს რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკი.  საქართველო ყველაზე ცუდ დღეშია, რადგან ჩვენთან იყიდება ყველაზე მეტი ნარკოტიკი და ჩვენ გავხდით ერთ-ერთი  ყველაზე დაზიანებული ქვეყანა. საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა ინექციური ნარკოტიკების მოხმარების მხრივ! ისიც კი ვერ მოვახეხეთ, რომ ამდენი წლის მანძილზე ინექციური მომხმარებლების რიცხვი შეგვემცირებინა.

- საზიანოა თუ არა მარიხუანა ჯანმრთელობისათვის? არსებობს მითი, რომ "პლანი" უსაფრთხო ნარკოტიკია...

- დავიწყოთ იმით, რომ უსაფრთხო ნარკოტიკი არ არსებობს. უბრალოდ მარიხუანას მოხმარების დროს ზედოზირება და შესაბამისად სიკვდილი არ ხდება. მარიხუნა იმ შემთხვევაში მოკლავს ადამიანს, თავში თუ დაეცა ერთი ტონა. მე არ მაქვს საუბარი ჰიბრიდულ მარიხუანაზე. ე.წ. ბიოზე. ნამდვილი კანაფის რეკრიაციული მოხმარება ნაკლებად საზიანოა და შედარება არ შეიძლება იმ ზიანთან, რასაც ადამიანებს აყენებს მეფედრონის, ამფეტამინის, ალფა პევეპეს და კოკაინის მოხმარება. თუმცა, საუბედუროდ, დღეს რასაც მოიხმარენ, ეს არ არის მარიხუანა. ჰიბრიდული მარიხუანა იწვევს ფსიქოზს 90 პროცენტში. ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ ექსტაზი უსაფრთხოა და არაფერი მოუვათ. დღე არ გავა რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლიერესი აღზნებით, ფსიქოზით ან კომატოზური მდგომარეობით. ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქართველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მსაგვსი ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მავნებლობას. აღნიშნული სინთეტიკური ნარკოტიკის სისტემატური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველების - მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზიანებებში, აგრეთვე ზედოზირება ხასითდება მაღალი ცხელებით, მიოკარდიუმის ინფარქტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით.

კვლევებით დადგინდა, რომ პირველი ნარკოტიკი, რომელსაც იღებს ადამიანი, ეს არის ალკოჰოლი და თამბაქო. საქართველოში პირველ ნარკოტიკთან ანუ ალკოჰოლთან შეხება აქვთ 5-6 წლის ასაკის ბავშვებს. როგორ შეიძლება 5 წლის ბავშვს ჰქონდეს პირველად ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან შეხება. ქართული ტრადიცია და ღვინო - ეს ცალკე თემაა. ალკოჰოლი შეიძლება იყოს სასარგებლო, ამავე დროს საზიანო და გახდეს წინაპირობა ნარკოდამოკიდებულებისა.

- რას ფიქრობთ ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე?

- ლეგალიზაცია ხალხს ესმის, რომ ბაბო მარო,  რომელიც ქუჩაში მზესუმზირას ყიდის, გაყიდის ნარკოტიკსაც. ლეგალიზაცია არ არის ქაოტური პროცესი. ლეგალიზაცია არის კონტროლირებადი პროცესი ლეგალური ნარკოტიკების, მათი ფასის, ხარისხის და ა.შ. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაკონტროლება ისევე, როგორც სახელმწიფო,  აკონტროლებს ლეგალურ ნარკოტიკებს: ალკოჰოლს, თამბაქოს, ყავას, ჩაის, ენერგეტიკულ სასმელებს, კოკა-კოლას. კოფეინი ისეთივე ნარკოტიკია და ისევე ვითარდება მასზე დამოკიდებულება, როგორც სხვა დანარჩენი. სახელმწიფომ უნდა აიღოს თავზე პროცესების კონტროლის და დაგეგმოს საგანმანათლებლო კამპანიების დანერგვა! სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს აბსოლუტურად ყველა პროცესი. როგორ ფიქრობთ კანადას ან ინგლისს ნაკლებად უყვარს თავისი მოსახლეობა? პირიქით, მეტად უყვარს და მეტი პასუხისმგებლობა აქვს. პრევენცია, საინფორმაციო კამპანიები და სახელმწიფო მხრიდან კონტროლი - ეს არის გამოსავალი. ნაკლები ზიანის მქონე ნივთიერებები უნდა იყოს ლეგალიზებული და თამბაქოს მსგავსად გააკონტროლოს სახელმწიფომ. ჩვენმა ერმა მივაღწიეთ იმას, რომ დახურულ შენობაში აღარ ეწევიან, აღარ იყიდება თამბაქო არასრულწლოვანებზე, აღარ იყიდება თამბაქო სკოლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები. ეს მოხდა პრობლემის აღიარებით და პრობლებაზე მსჯელობით პროფესიონალების ჩართულობის ფონზე. ჩვენ უნდა მოვსპოთ კრიმინალი და შავი ბაზარი. ეს იქნება ყველაზე სწორი გამოსავალი.
დღეისათვის ზედოზირების რიცხვი ოფიციალურად 40-ია და არაოფიციალურად ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ 10-ზე. სუიციდები, უცნობი ეტიოლოგიის კომა, უცნობი გარდაცვალების მიზეზი ძალიან ხშირია. ზიანი განუსაზღვრელია. დღეს თუ დაიჭერენ ქართველ კურიერებს, ხვალ ჩამოვა უზბეკი, ჩინელი, ინდოელი და ა.შ. ამიტომ დროა ვიმუშაოთ თანმიმდევრულად. ლეგალიზაცია არის გამოსავალი. დღეს არავინაა პასუხისმგებელი ნარკოტიკის ხარისხზე! ჩვენი ახალგაზრდები, მომავალი თაობები ბედის ანაბარა გვყავს მიტოვებული. 


ესაუბრა მეგი საჯაია