სადაზღვევო კომპანია „არდი“-ს გაყოფისა და ახალი ინვესტორის შესვლის შედეგად კომპანიის დაზღვეულებისა და თანამშრომლებისთვის არაფერი იცვლება, ესაა ცვლილება აქციონერულ და სტრატეგიული ხედვების დონეზე.

ამის შესახებ jandacva.ge-ს „არდის “ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ, კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, კომპანია მეტ განვითარებასა და სიახლეებს გეგმავს.

ჯაფარიძის თქმით, ჯანმრთელობისა და სხვა დაზღვევის მქონე მომხმარებლებისთვის გაუმჯობესდება სერვისები, პროდუქტები და მომსახურების სისწრაფე. 

„ჯანმრთელობის დაზღვევაც და ყველა სხვა სახეობები მხოლოდ გაიზრდება და ახლებიც დაემატება,“ - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ: „არდის“ 97%-იანი წილის მფლობელი საქართველოს კაპიტალი გახდა, რომელმაც კომპანიაში 30 მლნ ლარის ინვესტირება განახორციელა. 


"არდიმ" დღეს განაცხადა, რომ ინსტიტუციური ტრანსფორმაციის ახალ საფეხურზე გადადის და იყოფა. შედეგად, ბაზარზე ორი კომპანიის სახით გააგრძელებს ოპერირებას.  


პირველი იქნება მულტიპროფილური რისკების მზღვეველი კომპანია სს „არდი დაზღვევა“, რომელშიც ჯანმრთელობის დაზღვევაც შევა, მეორე კი - „არდი P&C”, რომელიც ფოკუსირებული იქნება ნიშურ სადაზღვევო პროდუქტებზე, როგორიც არის ფინანსური რისკების (საბანკო გარანტიების) დაზღვევა და სავალდებულო დაზღვევის სახეობები.


საწყის ეტაპზე ორივე კომპანია "არდის" ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.

jandacva.ge