ყველა მოქალაქისთვის ონკოქირურგიის სახელმწიფო დაფინანსება 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 
იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ჩართულნი არიან კერძო სადაზღვევო სქემებში, დამდგარი შემთხვევა უპირატესად უფინანსდებათ კერძო სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხის შემდგომ დარჩენილი თანხა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღნიშნული ლიმიტი 15 ათასი ლარია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად შემოსავლისა და კერძო დაზღვევის ქონისა, სხივური და ქიმიოთერაპიის სახელმწიფო დაფინანსება (25 ათასლარიანი ლიმიტით) თანაბრად გავრცელდა. 
აღნიშნულის ანაზღაურება, კერძო დაზღვევის მქონე ადამიანებისთვის, ხელშეკრულების პირობების მიხედვით ხდება, თუმცა ძირითად შემთხვევებში პირველი რიგის გადამხდელი სახელმწიფოა და მხოლოდ მისი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ერთვება ანაზღაურებაში კერძო კომპანია.

როგორც ცნობილია, ონკოლოგიური ქირურგია ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

ონკოლოგიური ქირურგია - როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება.