ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორში პრემიების მაჩვენებელი იზრდება და ეს მონაცემი ერთ წელიწადში 15%-თაა გაზრდილი, რაც, გასაშუალოებული რიცხვებით, ერთ პოლისზე, სულ მცირე, 7-8 ლარს შეადგენს. 

ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“, სადაზღვევო სექტორის 2023 წლის მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ზრდის, ანუ პოლისების გაძვირების მიზეზი სამედიცინო დანახარჯებისა და უტილიზაციის ზრდაა, რაც მომავალში კიდევ გაგრძელდება.

ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, 2023 წელს, სადაზღვევო ინდუსტრიამ შეძლო და მოზიდული პრემიის კუთხით 1 მილიარდ ლარს პირველად გადააჭარბა.


რაც შეეხება დაზღვეულთა სტატისტიკას, მისი თქმით, კერძო დაზღვევაში ჩართული ადამიანების რაოდენობა 40 ათასით გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში კერძო დაზღვევის მქონე ადამიანების წილმა 19%-იან ბარიერს ვერ გადააჭარბა.

ნიკოლაძე ამბობს იმასაც, რომ აუცილებელია, გამოყენებულ იქნას თანამშრომლობის ბერკეტები ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო ინდუსტრიას შორის, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს კერძო სადაზღვევო სქემებში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სახელმწიფოსა და სადაზღვევოს დანახარჯები და  მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები უფრო რაციონალური იყოს.

„მოსახლეობის 81%-ს აქვს საყოველთაო ჯანდაცვა. გამოდის, რომ 81%-ს საყოველთაო ჯანდაცვა აკმაყოფილებს? რა თქმა უნდა არა. საყოველთაო ჯანდაცვა დიდ საქმეს აკეთებს -ცუდად თუ კარგად - ეს ცალკე თემაა. თუმცა კერძო დაზღვევა ფარავს მედიკამენტებს, ამბულატორიულ სერვისებს, დიაგნოსტიკის ნაწილს, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა ამ მოცულობით ვერ დაფარავს. გამოდის, რომ მხოლოდ 19%-ს სჭრდება ეს სერვისები მიუხედავად იმისა, რომ ესაა ყველაზე მტკივნეული საკითხი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,“ - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.

მისი თქმით, იქ, სადაც კერძო დაზღვევა ვერ მონაწილეობს, უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა, მაგალთად ეს ეხება ონკოლოგიას, ასევე თანდაყოლილ და ქრონიკულ დაავადებებს. ამ ნაწილში კი, ნიკოლაძის განმარტებით, სახელმწიფო როლი შეუცვლელი იქნება, მაგრამ ის აღნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფოს მხრიდან თანაშრომლობის ნაბიჯებს ვერ ხედავს, რაც უკეთეს შედეგს მოიტანდა.