ის, რომ ბოლო 6 თვეში ქვეყანაში 4 ახალი სადაზღვევო ბროკერი დარეგისტრირდა, ადასტურებს, რომ დაზღვევის სფეროში შუამავლის ფუნქცია იზრდება და მასზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა ზრდის ტემპები მაინც ძალიან მცირეა და შორსაა დასავლეთში გავრცელებული პრაქტიკისგან, სადაც  სადაზღვევო პროდუქტები ბროკერის გარეშე პრაქტიკულად არ იყიდება.

ამის შესახებ Jandacva.ge-სთან საუბარში „სადაზღვევო საბროკერო IG“ -ს დირექტორმა გიორგი კანკიამ განაცხადა.


შეგახსენებთ, რომ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, ბოლო ნახევარ წელიწადში ქართულ ბაზარზე 4 ახალი სადაზღვევო ბროკერი გამოჩნდა და ბროკერთა რაოდენობამ 24 შეადგინა.

გიორგი კანკიას თქმით, საბროკერო სფეროში ბევრმა პროფესიონალმა სადაზღვევო კომპანიების გაყიდვების განყოფილებიდან გადაინაცვლა, რაც ადასტურებს, რომ ბაზარი მზარდი და პერსპექტიულია. თავად „სადაზღვევო საბროკერო IG“, კოკაიას განცხადებით, ერთ წელიწადში 50%-ით გაიზარდა. 


„ბაზარზე 3 საერთაშორისო ბროკერი ოპერირებს. ჩვენ მეოთხე ვართ. ამ საქმიანობის დასაწყებად საჭიროა 30 ათასლარიანი კაპიტალი, ასევე მუშაობის გამოცდილება საფინანსო სექტორში და სხვა მოთხოვნები, რომლებიც არაა რთულად დასაკმაყოფილებელი,“ - განაცხადა გიორგი კანკიამ. 


მისი თქმით, ბროკერის საქმიანობის უპირატესობა მომხმარებლისთვის ისაა, რომ მათ ეზოგებათ დრო, რადგან არ უწევთ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიასთან საუბარი, კონტრაქტების კითხვა, მათი წინადადებების შედარება, რაც დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. ამასთან, თავად დაზღვეული საბროკერო მომსახურებაში თანხას არ იხდის. კომპანიები ხვდებიან, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ბროკერის საშუალებით შეძენა უფრო სანდოა, რადგან ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა იზრდება,“ - განაცხადა „სადაზღვევო საბროკერო IG“ -ს დირექტორმა.

მისი თქმით, საბროკერო საქმიანობის განვითარებას იწვევს ისიც, რომ, როდესაც კომპანიები ყიდულობენ დაზღვევას, როგორც წესი, დაზღვეულები ხელშეკრულებას სრულად და დეტალურად არ ეცნობიან და როცა სადაზღვევო შემთხვევა ხდება, აღმოაჩენენ, რომ კონტრაქტით ეს რისკი დაზღვეული არ ჰქონიათ. სწორედ ასეთი შემთხვევის თავიდან აცილებისთვის მუშაობს ბროკერი, რომელიც დაზღვეულებს მომსახურებას კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დაზღვევის მიმდინარე პერიოდშიც უწევს.
კანკიას ინფორმაციით, მისი კომპანიის დაზღვეულები არიან ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი და ასევე მცირე კომპანიები.

სადაზღვევო ბროკერი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას ახორციელებს. მათი ამოცანაა რისკების შეფასება და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პაკეტების განსაზღვრა. 
მათი საქმიანობა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის რეგულაციის ქვეშაა.
მათი საქმიანობის ყველაზე დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.

Jandacva.ge