ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველი პაციენტი უკვე თურქეთის „ანადოლუს“ კლინიკაში იმყოფება და მკურნალობის დასაწყებად ემზადება. 


ამის შესახებ სოლიდაობის ფონდის ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ დღეს, სამ უცხოურ კლინიკასთან ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 


მისი თქმით, დღეს საქართველო მასპინძლობს პარტნიორ კლინიკებს, რათა მოხდეს თანამშრომლობის ფორმალიზება. ფესტვენიძის განმარტებით, თბილისში ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის ონკოლოგიური ცენტრების ხელმძღვანელები იმყოფებიან.

„აუდიტორიას ექნება საშუალება მოისმინოს თითოეული კლინიკისგან, რა კომპეტენციებს ფლობენ და გამოხატონ მზაობა, საქართველოს და ჩვენ ბავშვებს გაუწიონ დახმარება,“- განაცხადა „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა.  

ისრაელის კლინიკის პედიატრიულ-ონკოლოგიური განყოფილების დირექტორის რონიტ ელჰადისის განცხადებით, მათ აქვთ შესაძლებლობა, სიმსივნისგან ბავშვების 80%-ზე მეტი განკურნონ.

„საქართველოს დახმარებას გავუწევთ კიბოს სამკურნალო პედიატრიულ თერაპიაში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განვკურნოთ დაავადებული ბავშვების 80%-ზე მეტი. ამისთვის კი საჭიროა, ყველა შესაბამისი დაწესებულება გქონდეთ, რომ რაც შეიძლება სწორი დიაგნოზი დაისვას, შემდეგ კი მკურნალობის საუკეთესო მეთოდები იქნას გამოყენებული. ჩვენ მზად ვართ ქართველი ბავშვების დასახმარებლად, რომ ისინი კიბოსგან გამოჯანმრთელდნენ,“ - განაცხადა ელჰადისმა.
 
ცნობისთვის: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო. 
ბავშვები სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობას ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში შეძლებენ.
პროგრამა, უშუალოდ მკურნალობის გარდა, გულისხმობს მკურნალობის დასრულების შემდეგ წელიწადში ორჯერადი „კონტროლის“ დაფინანსებასაც. ამ შემთხვევაში, ისევე როგორც მკურნალობისას, ოჯახს ექნება საშუალება აირჩიოს, საქართველოში მიიღოს ეს სერვისი თუ უცხოეთში.