კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციებს აფასებენ. საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც იმ კლინიკებს ეხება, სადაც აბორტებს აკეთებენ. 


ჯანდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, აბორტის გაკეთებამდე 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, რაც მანამდე გათვალისწინებული არ ყოფილა.  ამასთან, აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან) მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში. მანამდე სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ამ პროცესში მონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული.

„იმედის კლინიკის“ ხელმძღვანელის დავით კობეშავიძის განცხადებით, ამ დარგში პროფესიონალი ფსიქოლოგის მოძებნა რთულია.


„რთული მოსაძებნია ჩვენ დარგში და ზოგადად, პროფესიონალი ფსიქოლოგი და სოციოლოგი. ძალიან დიდი პროფესიონალი ვერ მოიცლის, რომ კლინიკაში ირბინოს და აბორტისთვის გამზადებულ ქალებს ესაუბროს. ერთი შეხვედრა ხომ არაა საკმარისი? აქ რამდენიმე შეხვედრა და შეხვედრების ციკლია საჭირო. ასე არ ხდება, რომ ერთხელ შეხვდე ფსიქოლოგს და სოცმუშაკს და ამით დამთავრდება ამბავი,“ - განაცხადა დავით კობეშავიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

ვინ უნდა უზრუნველყოს დამატებითი სპეციალისტების მომსახურების საფასური? საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, „გაგუას კლინიკაში“ არ გამორიცხავენ, რომ ახალმა ვალდებულებამ აბორტის ღირებულება გაზარდოს.

ცნობისთვის: 2022 წელს ქვეყანაში 16600 აბორტი გაკეთდა.