საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია მასშტაბურ ეროვნულ კამპანიას „შენ გარეშე არ გამოვა “ იწყებს
26 სექტემბერს, 19:30 საათზე, კაფე მზიურში საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია „თვითადვოკატების პოდკასტების“ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიების ფარგლებში ასოციაცია ახალი ეროვნული კამპანიის „შენ გარეშე არ გამოვა“ დაწყებას დააანონსებს.
„თვითადვოკატების პოდკასტები“ ეს არის ინოვაციური პლატფორმა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები თავად გვიზიარებენ საკუთარ ისტორებს, გამოცდილებებს და საუბრობენ უფლებებზე. პლატფორმის მიზანია, საზოგადოებაში მათი ხმის გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება და სტიგმის დაძლევა.
კამპანია „შენ გარეშე არ გამოვა “ არის მასშტაბური ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ოჯახებს, საზოგადოებასა და ბიზნეს სექტორს. კამპანიის მიზანია რესურსების მობილიზება, რათა არცერთი ბავშვი და ოჯახი არ დარჩეს მარტო განვითარების, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებებისთვის ბრძოლაში. ინიციატივა გულისხმობს რესურსების მობილიზებას, მხარდაჭერისა და თანადგომის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური საზოგადოების შექმნას.
„ღონისძიებეაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ პოდკასტები, მოუსმინონ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებს და გაიზიარონ მათი ისტორიები არაფორმალურ გარემოში. შეხვედრა საშუალებას მოგვცემს დავუახლოვდეთ ერთმანეთს და პირისპირ გავაზიაროთ ჩვენი ემოციები და მიღებული შთაბეჭდილებები. გვჯერა, რომ კამპანია „შენ გარეშე არ გამოვა “ გახდება საწყისი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, სადაც თითოეული ოჯახის ხმა იქნება მოსმენილი,“ - აღნიშნავენ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციაში.