სისტემაში, რომელშიც ერთი ბიზნესსუბიექტი ფლობს ფარმაცევტულ კომპანიას, კლინიკას და სადაზღვევო კომპანიას, არის ინტერესთა სერიოზული კონფლიქტი, რომელმაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, პაციენტის ინტერესებზე ნეგატიურად იმოქმედოს.

ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა,  MyDoc-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი სასანიამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

სასანიამ ჯანდაცვის სისტემების მოდელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედ სისტემაში, როცა ერთი კომპანია ფლობს ფარმაცევტულ, სადაზღვევო და ჰოსპიტალურ ბიზნესს, ექიმის გადაწყვეტილებაზე ფინანსები ახდენს გავლენას, რაც ასე არ უნდა იყოს.

„ამ სისტემაში ძალიან ხშირია, როდესაც ექიმის გადაწყვეტილებაზე ფინანსები ზემოქმედებს, რაც დაუშვებელია. ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ ექიმისა და სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებაზე ფინანსები არ მოქმედებდეს და ექიმი იყოს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის, რომ პირველ რიგში ჯერ პაციენტის ინტერესი უნდა იყოს და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი, ხშირ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული,“ - განაცხადას სასანიამ.

მისი თქმით, წინა მთავრობამ ჯანდაცვის კუთხით არსებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მოიცილა და ის კერძო სექტორს გადასცა. ექსპერტის შეფასებით, კერძო სექტორის ჯანდაცვის სფეროში მონაწილეობის წინააღმდეგი არაა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეგულაციები უნდა მოქმედებდეს.

„კერძო სექტორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ისინი მონაწილეობას უნდა იღებდნენ სამედიცინო ბაზრის გადანაწილებაში, სხვანაირად წარმოუდგენელია, ისინი ძალიან კარგი აქტორები არიან  - იქმნება კონკურენცია, უმჯობესდება ხარისხი, ეს მოქმედებს ფასებზეც და ა.შ. მაგრამ ეს უნდა იყოს რეგულირებული და დაბალანსებული სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფოს შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ჯანდაცვის სისტემა - შესაძლოა შეარჩიოს უფრო კერძოზე დაფუძნებული, შეიძლება უფრო სახელმწიფოზე... არის დაფინანსების სხვადასხვა სისტემა და მოდელი, მაგრამ მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად იყოს დაცული პაციენტის ინტერესი და მისი ფინანსური ტვირთი მაქსიმალურად იყოს შემცირებული. ვერცერთი პაციენტი, ერთეულების გარდა, ჯიბიდან ვერ დაფარავს ხარჯებს, თუ სერიოზული და მაღალტექნოლოგიური სერვისები დასჭირდება. ძნელად წარმომიდგენია, მომგებიანი კლინიკა რას ნიშნავს. სწორი ხარჯების შემთხვევაში, თუ ისინი პაციენტებზე არიან მიმართული და მკურნალობის ხარისხი მაღალია, რთულია ფული მოგებისთვის და განაწილებისთვის დაგრჩეს,“- აღნიშნა სასანიამ.

ის კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, რადგან  ქვეყანაში შესაძლოა, მხოლოდ 1-2 ჰოსპიტალი იყოს, რომელიც ამ სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებდა.