Jandacva.ge გილოცავთ ახალ, 2024 წელს. ამ წელს ჯანდაცვის სექტორში არაერთი რეფორმაა დაგეგმილი, რომელთა საკანონმდებლო ბაზა უკვე დამტკიცებულია. კერძოდ, 2024 წლის იანვრიდან, სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. ამით სახელმწიფო ამ სფეროს მონიტორინგს იწყებს, რათა თავიდან აიცილოს ის რისკები, რომლებიც ამ სერვისებს თან ახლავს.
კიდევ ერთი რეგულაცია აბორტის გაკეთებას ეხება. რეგულაციის თანახმად, აბორტის გაკეთებამდე 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, რაც მანამდე გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ. აღნიშნული სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან.
2024 წლის 1 იანვრიდან რეგულაციები მკაცრდება ქიმიოთერაპიული საქმიანობის მიმწოდებელი სტაციონარული დაწესებულებებისთვისაც, რომლებიც განახლებული სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე ვეღარ გააგრძელებენ მონაწილეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. მოთხოვნილ სტანდარტებს შორისაა ვენტილაცია, საერთო ფართობი ერთ საწოლზე გადაანგარიშებით უნდა იყოს არანაკლებ 8 კვ/მ-ისა, სავარძლების შემთხვევაში − 6კვ/მ, პედიატრიული სერვისის შემთხვევაში − 6 კვ/მ. ადგილზე უნდა იყოს მინიმუმ 1 ექთანი ყოველ 5 საწოლზე/სავარძელზე.
იანვრიდან ფართოვდება მედპერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების არეალი.
ექიმებისა და ექთნების შემდეგ ეს პრინციპი სანიტრების, ბებიაქალების, ექთნის თანაშემწეებისთვისა და უმცროსი ექთნებისთვისაც ამოქმედდება.
იანვრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებების გაგრძელება და უკვე დაწყებულის დასრულება იგეგმება ფარმაცევტულ ბაზარზე. კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს რეფერენტული ფასების გავრცელება მთელ ფარმაცევტულ სექტორზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ მწარმოებლებთან პირდაპირი შეთანხმების გზით, ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება მკვეთრად შემციდა. შედეგად, პაციენტები შეძლებენ ძვირადღირებული მკურნალობის სრული კურსის მიღებას სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში. ამასთან, ყველა ონკოპაციენტი ისარგებლებს სახელმწიფო დაფინანსებით ონკოქირურგიის შემთხვევაში.
რაც შეეხება DRG-სისტემას, მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ არ დაანონსებულა.
მთავარი მიზანი, რომელიც, ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა გაცხადებული, არის სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა. დაწყებულმა რეფორმებმა ამ კუთხით პირველადი შედეგები უკვე მოიტანა. ცხადია, მოსახლეობისთვის მხოლოდ მომგებიანი იქნება, თუკი მომდევნო წელს ეს ტენდენცია გაძლიერდება, თუმცა ამავდროულად, აუცილებელია ფარმაცევტული სექტორის ჯანსაღი განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სადაზღვევო სქემების გაძლიერება და სადაზღვევო კულტურის განვითარება, რაც ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემაა.
Jandacva.ge მომდევნო წელსაც გააგრძელებს ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროცესების გაშუქებას, არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან გატარებული რეგულაციების, არამედ სამედიცინო ბიზნესის განვითარების კუთხითაც, რომელიც, საქართველოში არსებული მოდელის გათვალისწინებით, აუცილებელია, სახელმწიფოს პარტნიორი იყოს.
საიტის რედაქცია ახალ წელს გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!