პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების, ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფოს მხრიდან თანამედროვე, ძვირადღირებული მედიკამენტების სრულად დაფინანსების მიუხედავად, ამ აცრების მაჩვენებელი ისევ დაბალია. თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ საქართველო რეგიონის მასშტაბით ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 9-კომპონენტიანი ვაქცინაა. ეს ვაქცინა უკვე ერთი წელია, რაც ქვეყანაში დაინერგა, თუმცა, ამის მიუხედავად, მიმართვიანობა დაბალია.
საქართველოში ვირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება გოგონებსა და ქალებს 10-დან 45 წლის ასაკის ჩათვლით შეუძლიათ. ასაკისა და სქესის მიხედვით, ვაქცინის სქემა სხვადასხვაა. ექიმების ინფორმაციით, აცრა 15 წლამდე ასაკის პირებში 2-ჯერ 6 თვის შუალედით კეთდება, ხოლო 15 წლის ზევით - სამჯერ. აცრა ასევე უფინანსდება 10-დან 26 წლამდე ბიჭებს. გარდა იმისა, რომ პაპულომავირუსმა მათშიც შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს, დაინფიცირებული მამაკაცები ვირუსის გადამტანები არიან და მათ შეუძლიათ, დაავადება თავიანთ პარტნიორ ქალებს გადასდონ.
ექიმების განმარტებით, ამ შტამებს შორისაა პაპილომავირუსის ონკოტიპები, რომლებიც ქალს საშვილოსნოს ყელის სიმსივნისგან იცავს. დანარჩენი ტიპები კი ებრძვის იმ პაპილომავირუსებს, რომლებიც უამრავი დაავადების, მათ შორის კონდილომების გაჩენის მიზეზია.
„უპრიანია, ეს გაკეთდეს მანამდე, ვიდრე ქალი დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას, რადგან მაშინ ხდება იმუნური სისტემის იმდენად გაძლიერება, რომ თავად ორგანიზმი ვეღარ იღებს ვირუსს. მაგრამ იმ ქალბატონების შემთხვევაშიც კი, რომლებიც უკვე ცხოვრობენ სქესობრივი ცხოვრებით, ამ აცრას ძალიან ბევრი დადებითი შედეგი აქვს. მეტიც: ხშირად ამ ვაქცინას ინფიცირებულ ქალებსაც კი ვუნიშნავთ, რადგან ის იმუნიტეტს აძლიერებს,“ - განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში მეან გინეკოლოგმა თამარ ალიბეგაშვილმა.
ექიმების თქმით, ბოლო პერიოდში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრებზე მოთხოვნა მცირედით მომატებულია შედარებით მაღალი ასაკის ქალებში, დანარჩენ შემთხვევებში აცრების მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.
ისინი მოუწოდებენ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს გაიკეთონ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც 9 კომპონენტიანია და მას სახელმწიფო მოქალაქეებს სრულად უფინანსებს.
ა





