4 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სტარტს აიღებს საინფორმაციო კამპანია „პირველადი დახმარება გულის გაჩერების დროს“. კამპანიის მიზანს გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარებისა და გარეგანი ავტომატური დეფიბრილატორის საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ადგილზე მოხდება სამედიცინო აპარატის დემონსტრირება და დამსწრე საზოგადოებისთვის მისი გამოყენების წესების გაცნობა. კამპანია ხორციელდება საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის (GeHRA) ინიციატივითა და ხელშეწყობით.
„გულის გაჩერების შემდეგ, პირველ წუთებში, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია. თუმცა, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებია ამის ალბათობა. ამრიგად, მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება და პირველადი დახმარების აღმოჩენა“, - მიაჩნიათ სპეციალისტებს.
სამედიცინო აპარატი - დეფიბრილატორი ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით უზრუნველყოფს გულის კუნთის ამუშავებას. მისი გამოყენება მარტივია და შესაბამისი ინფორმაციის ფლობის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი შესძლებს მის გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში. კვლევები აჩვენებს, რომ გულის გაჩერების დროს, საჯარო სივრცეში დეფიბრილატორის გამოყენება ასოცირდება, საშუალოდ, გადარჩენის 40%-თან, საჭირო დახმარების აღმოჩენის გარეშე სიკვდილობა >95%. ამრიგად, გამოკვეთილია დეფიბრილატორის განთავსების საჭიროება საჯარო სივრცეებში.
ცნობისათვის, საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილის სტატისტიკა არასრულყოფილია. თუმცა მსოფლიო სტატისტიკით, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 460 000 ადამიანი იღუპება უეცარი კარდიული სიკვდილით, რაც დღეში დაახლოებით 890 უეცარ სიკვდილს ნიშნავს. ა.შ.შ.-ს სტატისტიკის საქართველოში პირდაპირ გადმოტანით, საქართველოში უეცარი კარდიული სიკვდილით ყოველწლიურად 3 700 ადამიანი დაიღუპება, რაც დღეში 10-11 ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 7 მილიონი უეცარი კარდიული სიკვდილი ფიქსირდება. ეს კი ყოველ 4 წამში ერთ გარდაცვლილ ადამიანს ნიშნავს. სახიფათო არითმიის დაწყებიდან ყოველ 1 წთ-ში 8-10%-ით მცირდება პაციენტის გადარჩენის შანსი. რაც უფრო მალე გამოვიყენებთ ავტომატურ დეფიბრილატორს მით მეტია გადარჩენის შანსი