მთავრობის დადგენილებით შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრა. დოკუმენტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არქიტექტურული პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

დოკუმენტში ინსოლაცია განსაზღვრულია, როგორც ტერიტორიის ზედაპირის ან შენობის შიდა, სამყოფი ნაწილების მზის სხივებით განათება. მასში მოცემულია ის სპეციფიკური მოთხოვნები, რომლებსაც შენობა ინსოლაციის კუთხით უნდა აკმაყოფილებდეს.

დადგენილების თანახმად, ინსოლაცია შიგა სივრცის ხარისხის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და ხელს უწყობს ადამიანის კეთილდღეობას. 
„მზის სინათლის მინიმალური ზემოქმედება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავადმყოფოების პალატებში, საბავშვო ბაღების სათამაშო ოთახებსა და საცხოვრებელი ერთეულების სულ მცირე, ერთ საცხოვრებელ ოთახში,“ - ნათქვამია ახალ წესში, რომელიც დადგენილებას დანართის სახით ერთვის. 

დოკუმენტის თანახმად, მზის სინათლის ხანგრძლივობა უნდა შემოწმდეს სივრცეში, რომელიც უზრუნველყოფილია მზის სხივებით, შესაბამისი ტექნოლოგიებით, კრიტერიუმებითა და კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. რეკომენდაციის მიხედვით, სივრცე უნდა იღებდეს მზის შესაძლო სინათლეს დადგენილი ხანგრძლივობით, კერძოდ, მზის სინათლის ზემოქმედებისთვის მინიმალური დონე არის 1,5 საათი. შეფასებებისთვის შერჩეული თარიღი უნდა მოიცავდეს პერიოდს 1-ლი თებერვლიდან 21 მარტამდე.

დოკუმენტის თანახმად, მზის სინათლის ზემოქმედების შეფასებისას უნდა შემოწმდეს, შესაძლებელია თუ არა ცაზე მზის დანახვა შენობის შიგა სივრციდან შერჩეულ დღეს და მზის სინათლის საათობრივი ხანგრძლივობის გაანგარიშება. შესაძლო თერმული და/ან მხედველობითი დისკომფორტის მინიმუმამდე შესამცირებლად შენობებში მცხოვრებლებისთვის მზის სინათლის ხანგრძლივობა უნდა უკავშირდებოდეს საჩრდილობელი სისტემების სათანადოდ შერჩევას.

„მზის შეღწევამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს და შეამციროს გათბობისთვის საჭირო ენერგიის მოხმარება. უფრო თბილ თვეებში მზის სინათლე შესაძლებელია შეიზღუდოს საჩრდილობელი მოწყობილობებით ან სტრატეგიულად კონსტრუირებული, სტატიკური ან მოძრავი საჩრდილობელი ელემენტებით. სახლებში, რომლებიც განკუთვნილია გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირებისთვის, ღიობების მიმართულების არჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს დაკავებულების პერიოდები და ნებისმიერი უპირატესობა, რაც მზის სინათლეს ენიჭება დღის გარკვეულ მონაკვეთში.
ინტერიერებში, სადაც მზის სინათლემ შეიძლება გამოიწვიოს სიკაშკაშე, დისკომფორტი ან გადახურება, შუქღიობი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჩრდილობელი მოწყობილობებით,“ - აღნიშნულია დანართში.
ახალი სტანდარტები ძალაში 2026 წლის 1 დეკემბრიდან შევა.