ქირურგები, რომლებიც ბარიატრიულ ოპერაციებს აკეთებენ, გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ და ამ ოპერაციების გაკეთებისთვის საჭირო სანებართვო პირობები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ სპეციალისტების ნაწილი სუბრობს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს რამაზ ხეცურიანის თქმით, დღეს ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების ნებართვა აქვს იმ ქირურგს, რომელსაც  20-25 ასეთი ოპერაცია აქვს გაკეთებული, ასევე ასეთი ნებართვა აქვს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მუშაობს ერთი ქირურგი მაინც, რომელიც დასახელებულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. თუმცა, ხეცურიანის თქმით, სანებართვო პირობები არ ითვალისწინებს ქირურგის მომზადებას, სწავლების პროცესს, დიპლომის შემდგომ კვალიფიკაციას, ქირურგის კატეგორიას.


მისივე თქმით, არ შეიძლება, ერთ ქირურგს სხვადასხვა სახის ოპერაციის გაკეთების უფლება ჰქონდეს და აკეთებდეს როგორც კარდიო, ისე ბარიატრიულ ოპერაციებს და ტრანსპლანტაციას. 


ქირურგ მერაბ ჯანელიძის თქმით, ბარიატრიულ და მეტაბოლურ ქირურგთა ასოციაცია შარშან, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა და ის ამ დარგზე მონიტორინგს ახორციელებს. მისი თქმით, საჭიროა რეკომენდაციების შემუშავება, რომ უკეთ იყოს უზრუნველყოფილი პაციენტების მომსახურების ხარისხი. 


შეგახსენებთ, რომ კლინიკებს, სადაც წონის კლების ოპერაციები ტარდება, ახალი რეგულაციები გასული წლიდან დაუწესდათ. ბარიატრიული ქირურგიის სერვისის მიმწოდებელი ყველა სტაციონარული დაწესებულება ვალდებულია, მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ახალი ნებართვის დანართის – „მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია“ − მოპოვებასთან დაკავშირებით.

დადგენილების თანახმად, კლინიკები, სადაც ბარიატრიული  ოპერაციები კეთდება, ქირურგიული პროფილის მომსახურების სტანდარტებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: დაწესებულებაში დასაქმებული უნდა იყოს სულ მცირე, ერთი ქირურგი მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიის სფეროში მუშაობის გამოცდილებით. მას უნდა გააჩნდეს ლაპარასკოპიული ქირურგიის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება და გასული კალენდარული წლის განმავლობაში ჩატარებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე, 30 მეტაბოლურ-ბარიატრიული ქირურგიული ჩარევა.

ამასთან, სერვისის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, რადიოლოგის, შინაგანი მედიცინის სპეციალისტის, ენდოსკოპისტის და, საჭიროების შემთხვევაში,  სხვა სპეციალისტების (მათ შორის, ფსიქოლოგის) მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ადგილზე. გარდა ამისა, კლინიკებისგან მოთხოვნილია ისეთი მონაცემების წარმოდგენა,როგორიცაა: წონის დაკლების მაჩვენებელი მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ 1-წლიან პერიოდში; მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის შემდგომ 30-დღიანი გარდაცვალების მაჩვენებელი.  მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის სერვისში მონაწილე ყველა ქირურგი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში, საქმიანობის პროფილის შესაბამისად და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 30 უსგ ქულას. 


რაც შეეხება ჩვენებებს, , თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლებათ ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება, რადგან ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა.


შეგახსენებთ, რომ ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2019 წლიდან აღარ აფინანსებს.