ვის და რა პირობებით შეუძლია დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამით სარგებლობა.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მიზანია პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე, რადგან რეგულარული სკრინინგი უზრუნველყოფს დაავადების განვითარებისა და სიკვდილიანობის რისკის შემცირებას.
მომსახურება მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს, პროსტატის კიბოს მართვას, ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციას, ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და ზედამხედველობას, დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგს, სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტს.
ზემოაღნიშნულ პროგრამის კომპონენტებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს.
ძუძუს კიბოს სკრინინგში ჩართვა შეუძლია 40-70 წლის ასაკის ქალებს. აღნიშნული მომსახურება მოიცავს:
ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და მამოგრაფიულ გამოკვლევას, 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით);
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსიას;
აღებული ბიოფსიური მასალის ციტოლოგიურ კვლევას.
მეორადი სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია ორ წელიწადში ერთხელ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ითვალისწინებს შემდეგ აქტივობებს:
25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალების ექიმის/გინეკოლოგის კონსულტაციას, გასინჯვას/დათვალიერებას, შესაბამის გამოკვლევებს:
პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარება (HPV-ზე ტესტირების ცენტრალიზებული მოდელის დანერგვის შემდეგ მხოლოდ 25-დან 30 წლამდე ასაკის მოსარგებლეებში)
HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარება 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებში;
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება (კოლპოსკოპია, ბიოფსიური მასალის აღება, ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა).
მეორადი სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია - PAP-ტესტით სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო HPV ტესტით (30 წლის ასაკიდან) - 5 წელიწადში ერთხელ;
კოლორექტული კიბოს სკრინინგი მოიცავს 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლების ტესტირებას:
ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას;
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას (გაუტკივარებით ან გაუტკივარების გარეშე) და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას (მათ შორის, მცირე ზომის პოლიპების ამოკვეთა), აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიურ კვლევას.
მეორადი სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია ორ წელიწადში ერთხელ;
პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევა ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით.
ოჯახის ექიმის ან/და შესაბამისი სპეციალისტის მიმართვის საფუძველზე პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა შეიძლება განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ;
1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა მოიცავს ბავშვის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფასებას, ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას, დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას;
ეპილეფსიის დიაგნოსტიკა - მოიცავს ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის ჩაღრმავებულ კვლევებს;
რეტინოპათიის დიაგნოსტირება - დღენაკლული ახალშობილების გამოკვლევა, რომელიც მოიცავს პირველად სკრინინგს - ექიმის კონსულტაცია, ბინოკულარული ოფთალმოსკოპია. საჭიროების შემთხვევაში განმეორებადი (მრავალჯერადი) სკრინინგი. ნეონატალოგის გადაწყვეტილებით, გამოკვლევა უტარდებათ ასევე 34-36 გესტაციური ასაკის დღენაკლულ ახალშობილებს, რომელთაც აღენიშნებოდათ დამძიმებული ანამნეზი ან დასჭირდათ დამატებითი ოქსიგენოთერაპია 48 საათზე დიდხანს.
სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტი, რომელიც მოიცავს სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, 7 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე და დამატებით დიაგნოსტიკას:
ა) ექიმი პედიატრის კონსულტაციას;
ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას, წინასწარ შედგენილი, სპეციალური კითხვარის მეშვეობით;
ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრას − კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღება;
ბავშვის მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენლებისათვის) საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას, ტყვიით ექსპოზიციის შესაძლო წყაროების შესახებ;
ბ) დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას:
სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინის განსაზღვრა სისხლში, C რეაქტიული ცილა, შარდში ჰემატინის განსაზღვრა, ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, რკინის დონე სისხლში, მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია.
მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 5 მკგ/დლ-ზე, მედიკამენტებით (რკინის პრეპარატებით, კალციუმითა და მულტივიტამინებით) უზრუნველყოფილი იქნება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05