2030 წლისთვის სამედიცინო მოწყობილობების მსოფლიო ბაზარი 800 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. 2022 წლის მაჩვენებლით, აღნიშნული ბაზრის მოცულობა 512 მილიარდი იყო. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის ინდუსტრიის დამსაქმებელთა კავშირის პრეზიდენტმა მეთინ დემირმა განაცხადა. 


მისი თქმით, სამედიცინო მოწყობილობების ინდუსტრია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ ეკონომიკისთვის.

მისივე განცხადებით, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და მუშაობს, რათა სამედიცინო მოწყობილობების მსოფლიო ინდუსტრიაზე თურქეთის გავლენა გაიზარდოს.

ამასთან, დემირის ინფორმაციით,  აღნიშნულ ბაზარზე თურქეთის წილი 0,85%-ს შეადგენს და ქვეყანა აქცენტს შიდა წარმოებაზე, ინვესტიციებსა და ექსპორტზე აკეთებს, რათა ეს წილი მომავალში გაზარდოს.

მეთინ დემირმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით თურქეთი მუშაობს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ფიზიოთერაპიული მოწყობილობები, ინტრაოკულარული ლინზები და ბიოდეგრადირებადი იმპლანტები. 


ამ ეტაპზე ექსპორტიორებს შორის ლიდერი ქვეყნებია გერმანია, აშშ, საფრანგეთი, ნიდერლანდები და იტალია.

დემირის თქმით, ჯანდაცვის ბაზარზე თურქეთის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის აუცილებელია ფინანსებზე სექტორის ხელმისაწვდომობის ზრდა, კრედიტების გაიაფება, ბიუჯეტის გაზრდა და სხვა ხელშემწყობი ფაქტორების უზრუნველყოფა.

დემირმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პაციენტების მოვლის კუთხით. მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაიწყო ხელოვნურმა ინტელექტმა.

„რობოტიზებული ქირურგია საშუალებას იძლევა, უფრო ზუსტი ოპერაციები ჩატარდეს. ეს კი ხელს უწყობს ჯანდაცვის უფრო უსაფრთხო და წარმატებული სისტემის ჩამოყალიბებას. ნათელია, რომ ახალი ტექნოლიგიები სრულიად შეცვლის ჯანდაცვის ინდუსტრიას. თურქეთმა კი ამ ტექნოლოგიურ შეჯიბრში არცთუ ცუდი სტარტი აიღო. თურქეთი საკმაოდ წინაა ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კუთხით,“ - განაცხადა კავშირის ხელმძღვანელმა.