დუბაიში გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოზე კლიმატური ცვლილებები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მსოფლიოს ლიდერთა ერთობლივი ძალისხმევა.

საკითხის ერთერთი მთავარი მხარე ადამიანის ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილების გავლენაა.
Telegraph-ის ცნობით, მეცნიერები უკვე მუშაობენ პროგნოზის სისტემის შემუშავებაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს ატმოსფერული პირობები გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებზე. 


ისინი უკვე დიდი ხანია სწავლობენ ტემპერატურის, ტენიანობისა და ჰაერის დაბინძურების ცვლილებების ზემოქმედებას აღნიშნული დაავადებების მიმდინარეობაზე. ამ მიმართულებით კვლევების გაღრმავების შედეგად კი მოსალოდნელია, რომ ჩამოყალიბდეს ახალი სამეცნიერო დარგი სახელწოდებით „კარდიომეტეოროლოგია“. 
 
უნგრეთის ზემელვაისის გულსისხლძარღვთა ცენტრის მეცნიერთა აზრით, ამ დარგის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან კლიმატის ცვლილება ამინდის პირობებს კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის მსოფლიოს არაერთ კუთხეში.

ისინი აკვირდებოდნენ გულისა და სისხლძარღვების პრობლემების მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციას სხვადასხვა ატმოსფერულ პირობებში და აღმოაჩინეს, რომ დიაბეტიანი პაციენტები უფრო მეტად იტანჯებიან ტემპერატურის ცვლილებებითა და ოზონის კონცენტრაციის მომატებით. 


კვლევაში მონაწილეობა მიიღო 7230-მა პაციენტმა, რომლებიც 5-წლიან მონაკვეთში გულისა და ძარღვების

დაავადებების მწვავე ფორმებით იყვნენ ჰოსპიტალიზებულნი. 
საბოლოო ჯამში, კვლევის ავტორებს შეუძლიათ შექმნან „კარდიომეტეოროლოგიური შეტყობინების სისტემა“ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.