ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ონკოპაციენტი ბავშვების გადარჩენადობის მაჩვენებელი 2030 წლისთვის მინიმუმ 60%-მდე გაიზარდოს.
სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველდღიურად ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს 1000-ზე მეტ ბავშვს უსვამენ.
ყოველ წელს, 15 თებერვალს, მსოფლიოში ბავშვთა კიბოს დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც ამ საკითხში საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა. ჯანმოს მონაცემებით, ამ ეტაპზე სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადარჩენადობის მაჩვენებელი 15-დან 45%-მდე მერყეობს.
მართალია, ბავშვებში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ძალიან ცოტა ფაქტორია ცნობილი, თუმცა უმრავლესობა გენების მახასიათებლებს უკავშირდება.
კიბოს განვითარების რისკი მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა ოჯახების ანამნეზში ბავშვობაში კიბოთი დაავადების ფაქტებია.
ბავშვების გადარჩენის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს კიბოს ტიპი, ამასთან, მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თანამედროვე მეთოდები გამოიყენება ამ პროცესში, ასევე რამდენად ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა დაავადება.
ჯანმოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სიმპტომების ადრეულ გამოვლენაში, რასაც შედეგიანი მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ექიმებზე არანაკლებ დიდ როლს ასრულებენ მშობლები.
გარდა ამისა, ჯანმოს მონაცემებით, გადარჩენის მაჩვენებლები იზრდება მაღალი შემოსავლის პირობებში მცხოვრებ ბავშვებს შორის, რადგან მათთვის მედიცინის უახლესი მიღწევები ხელმისაწვდომია.
ორგანიზაციის მონაცემებით, კიბოს დიაგნოზის მქონე, მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების გადარჩენის მაჩვენებელი 80%-ზე მეტია, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე პაციენტებში კი ეს მონაცემი 20%-ს შეადგენს.