ფაგების მნიშვნელობა უახლოეს წლებში, მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ეს პრობლემა კი სულ უფრო ღრმავდება. 

„ბიოქიმფარმის“ მენეჯერის რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით,  ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ინფექციების მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონ 300 ათასი ადამიანი იღუპება, 2050 წლისთვის კი ამ მიზეზით ყოველწლიურად დაღუპულთა რაოდენობა  10 მილიონს მიაღწევს.


ამ ფონზე საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, განავითაროს ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის - ფაგების წარმოება.

მისი თქმით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოჩნდა. ამიტომ, შესაძლო ახალი პანდემიის დროს ეს საფრთხე კიდევ უფრო დიდი იყოს.

რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ვირუსული პანდემიის გვერდით იქნება ანტიბიოტიკური რეზისტენტობა. მისივე განმარტებით, ყველა ფაგი ყველა ანტიბიოტიკს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ყველა ძირითადი ინფექცია შეიძლება ნამკურნალევი იქნას ფაგებით ან ფაგებისა და ანტიბიოტიკების კომბინაციით, როცა ფაგი ანტიბიოტიკის მოქმედებას აძლიერებს. 


რაც შეეხება პროდუქციის სამიზნე აუდიტორიას, „ბიოქიმფარმის“ ხელმძღვანელის თქმით, მშობლების სეგმენტში ფაგების ცნობადობა 100 პროცენტიანია, რადგან ანტიბიოტიკების გამოყენებას განსაკუთრებით ბავშვებში ვერიდებით. ახლა კი კომპანია კიდევ უფრო აქტიურ და კარგი გაგებით აგრესიულ კამპანიას იწყებს, რათა ფაგების ცნობადობა სხვა სეგმენტშიც გაიზარდოს.


შეგახსენებთ: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ  საქართველო ფაგების ტექნოლოგიებში პიონერია და დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით.