თუ აქამდე ინოვაციები ეკონომიკისგან განყენებულ დარგად ითვლებოდა, დღეს ასე არ არის და ინოვაციები აუცილებელია ყველა ბიზნეს სექტორის, მათ შორის ჯანდაცვის განვითარებისთვის. ამის შესახებ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტინორი“ საუბრისას განაცხადა. 


 შეგახსენებთ, რომ სააგენტომ, მთავრობასთან ერთად, განისაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი,  ფაგები და აგროტექნოლოგიები. 


კასრაძის თქმით, პროდუქტები და სერვისები უნდა გაინოვაციურდეს, იქნება ეს ჯანდაცვის თუ სოფლის მეურნეობის სექტორები. 


„ინოვაციურობას შეუძლია დააჩქაროს განვითარების ის ტემპი, რაც აქვს იმ რესურსებით, რაც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი და სხვა ბუნებრივი რესურსები. ამიტომ ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი ქვაკუთხედი ესაა ადამიანური კაპიტალი,“ - აღნიშნა კასრაძემ.

მისი თქმით, ყველა მიმართ ინოვაციების ხელშეწყობა ბევრ დიდ ქვეყანასაც არ შეუძლია. კითხვაზე, რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს სამი მიმართულება, სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველაზე მარტივად გადაწყვეტილება ფაგების მიმართულებით იქნა მიღებული.

„პირველი ფაქტორია, გლობალურად რამდენადაა მოთხოვნა დღეს ამ ტექნოლიგიებზე პროგნოზირებად მომავალში. მაგალითად, რამდენად შეიძლება შენარჩუნდეს მოთხოვნა ამ ტექნოლოგიებზე შემდგომი 20 წლის განმავლობაში. რა კონკურენტული უპირატესოიბა გვაქვს საქართველოში, რომ ამ მიმართულებებით მსოფლიოს მაღალი დონის ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ. ეს შეიძლება იყოს გამოცდილება, სამეცნიერო ცოდნა, კვლევები, ბიომრავალფეროვნება, კლიმატი, გეოგრაფიული ლოკაცია. ყველაზე მთავარია, რეალურ ეკონომიკაში რომელ ტექნოლოგიურ სექტორს შეუძლია ყველაზე დიდი ეფექტი მოახდინოს ადამიანების დასაქმებისთვის და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განმარტა ავთანდილ კარსაძემ. 


მისი თქმით, გლობალური ბაზრის შესწავლამ აჩვენა, რომ ფაგები აქტუალური ხდება. საქართველო კი, თუ რამე ტექნოლოგიასთან ასოცირდება  თანამედროვე ეპოქაში, ესაა ღვინის ტექნოლოგია - ქვევრი, და ფაგები. 
„პირველი კვლევითი ინსტიტუტი მსოფლიოში საქართველოში შეიქმნა. მაშინ არ იყო ფაგების მიმართულება პრიორიტეტი, რადგან დიდი ფარმაცევტული კომპანიები მიმართული იყო ანტიბიოტიკების განვითარებაზე. დღეს, 2009 წლიდან პირველად, აშშ-მა დაიწყო მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ფაგების მიმართულებით. დღეს 2024 წელია და აბსოლუტურად ყველა დიდი ქვეყანა მილიარდობით ინვესტიციებს ახორციელებს, რომ სამედიცინო სექტორი ფაგებზე გადაეწყოს, რადგან ანტიბიოტიკებმა რეზისტენტულობა მთლიანად დაკარგა გარკვეულ დაავადებებსა და ინფექციებზე და ესაა ძალიან დიდი გამოწვევა ჯანდაცვის სექტორში,“ - განმარტა კარსაძემ. 


მისი თქმით, საქართველოს ფაგების მიმართულებით წამყვანი ცოდნა აქვს და ხელი შეეწყობა იმას, რომ გაუმჯობესდეს სამეცნიერო ბაზა და საერთაშორისო დონეზე მოხდეს ქართული ფაგების დისტრიბუცია. 
ამავე დროს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოში დამზადებული ფაგები ჯანმოს მიერაც იქნას აღიარებული.