ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებულმა რეფორმებმა სექტორში კონკურენციის დაბალანსებას შეუწყო ხელი.

ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, 2023 წელს ამოქმედდა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემა, რამაც უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია როგორც მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, ასევე ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის ბალანსირებაზე. დღეისათვის რეფერენტული ფასის ზედა ზღვარი განსაზღვრულია 7100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის მედიკამენტზე.


გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ამოქმედდა საკანონმდებლო ჩარჩო მართული შესვლის შეთანხმების მექანიზმის გამოყენებისთვის. 2023 წელს მართული შესვლის შეთანხმების პრინციპებზე დაყრდნობით, სამინისტრომ შეისყიდა 21 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი კომპანია „როშისა“ და „ნოვარტისისგან“, ხოლო 1 მედიკამენტი აქონდროპლაზიის მკურნალობისთვის − კომპანია „ბიომარინისგან“.


 წამლებზე ჯიბიდან დანახარჯების შემცირებისთვის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე 2024 წლიდან მოიხსნა თანაგადახდა და წლიური ლიმიტი. გაფართოვდა ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები.


შედეგად, საანგარიშო პერიოდში, პროგრამის მოსარგებლეა 365 ათასამდე პირი.