ონკოლოგიური მედიკამენტების გარდა სახელმწიფო პირდაპირი შესყიდვის გზით წამლებს იშვიათი დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვისაც შეიძენს.


ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ასეთი ხელშეკრულება შვეიცარიულ „როშესთან“ გაფორმდა და ეს კომპანია ბაზრის ანალიზიდან გამომდინარე შეირჩა.

„ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები რამდენიმე კომპანიის მიერაა ქვეყანაში წარმოდგენილი.  ონკოლოგიის მიმართულებით სახელმწიფო უკვე ფარავდა ამ მედიკამენტებს მოსახლეობისთვის. გასული წლების მონაცემები გაანალიზდა და „როშე“ პირველი აღმოჩნდა ამ შენარჩევში. ანუ სადაც მეტი ჰქონდა სახელმწიფოს დანახარჯი, ის კომპანია შეირჩა. ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა კომპანიებთან, რომ მივაღწიოთ სახელმწიფო ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას, თითოეულ მედიკამენტზე ფასების კლებას, რადგან გვინდა მოსახლეობას უფრო მეტი მედიკამეტის მიწოდების შესაძლებლობა შევუქმნათ“, - განაცხადა ლელა სულაბერიძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე უკვე ამოქმედდა რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რაც გენერიკებს ეხება, ამიტომ ამ სეგმენტში რეფერენტული ფასი გამართლებული პოლიტიკაა.


ინოვაციური მედიკამენტები კი, მისივე განმარტებით, ერთი წყაროს მედიკამენტია, რომლის მოლეკულასაც მსგავსი პრეპარატი არ გააჩნია. შესაბამისად, ფასებიც მაღალია. ამიტომ, სულაბერიძის განმარტებით, პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატში, გარდა იმისა, რომ საშუამავლო კომპანიებისა და დისტრიბუციის მარჟები გათვალისწინებული არ არის და ფასებს ეს ნაწილი ეხსნება, სახელმწიფოსთან თანამშრომლობის პირობებში მწარმოებელი კომპანია ფასს კიდევ უფრო აკლებს. ლელა სულაბერიძის თქმით, სხვა ქვეყნებს ამ ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების დიდი გამოცდილება აქვთ და მათ უკვე საქართველოც შეუერთდა.

მისივე განცხადებით, “როშე“ იყო პირველი კომპანია, რომელთანაც სახელმწიფომ ამ სახის ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა მოლაპარაკებები ონკოლოგიური მედიკამენტების მწარმოებელ სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს. განიხილება ასევე იშვიათი დაავადებების მიმართულება, სადაც ინოვაციების ხვედრითი წილი უფრო მაღალია. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, ლელა სულაბერიძის თქმით, აქ დაფინანსების სისტემა სხვაგვარია, კერძოდ, სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულებას ანაზღაურებს  მას შემდეგ, რაც პაციენტი აფთიაქში მიდის წამლის შესაძენად. შესაბამისად, პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება ამ მიმართულებით არ განიხილება.

ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და  ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს  დაფარავს.