დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი – დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. ამ ახალ რეალობაზე საპასუხოდ, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება; შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და ქვეყანას ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით; ბოლოს, აგროტექნოლოგიები – აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება,“ - განაცხადა პრემიერმა.


ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ კი აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, ფაგების კუთხით არსებული სამეცნიერო ცოდნის კომერციალიზაცია მოხდეს.

„ვხედავთ მსოფლიო ტრენდს, როგორ იზრდება მოთხოვნა ფაგებზე იმ დროს, როცა ანტიბიოტიკები რეზისტენტულობას კარგავს და ბევრ დაავადებასთან თუ ინფექციებთან მიმართებაში საერთოდ უფუნქციოა. დღეს მსოფლიოში წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები, გიგანტები, როგორიცაა „ფაიზერი,“ „ასტრაზენეკა,“ მრავალმილიონიან, მილიარდიან ინვესტიციებსაც კი ახორციელებენ ფაგების განვითარების ხელშესაწყობად. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები (აშშ, გერმანია, გაერთიანებული სამეფოს) მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებენ ფაგების განვითარებაში. საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია სამეცნიერო მიმართულებით. ახლა ჩვენი ფოკუსი იქნება სამეცნიერო ცოდნა, სამეცნიერო გამოცდილება კომერციალიზაციაში გადავზარდოთ და ეს ის მიმართულებაა, სადაც საქართველოს შეუძლია არა მხოლოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყოს ტექნოლოგიური განვითარების პროცესისა, არამედ გლობალური ლიდერიც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს წარმოუდგენელი სამეცნიერო მიღწევები ამ მიმართულებაში,“ - განაცხადა კასრაძემ.