სახელმწიფო ექთნისა და მეანის პროფესიების განვითარებასა და ამ სფეროებში კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ცვლილებების გატარებას გეგმავს. ამ მიზნით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონებში ცვლილებები იგეგება.
აღნიშნული საკითხის განხილვისას, განათლების კომიტეტზე გამოსვლის დროს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ცვლილებები შედის ტერმინოლოგიაშიც და „ბებიაქალის“ ნაცვლად დამკვიდრდება გენდერულად ნეიტრალური ტერმინი „მეანი-ექთანი“, რაც მეანისა და ექთნის პროფესიებში მამაკაცების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.
მისივე განმარტებით, განათლების მიხედვით, მოხდება ექთნების და მეანი ექთნების წოდებრივი რანჟირება, როგორც დასავლეთის ქვეყნებშია. თამარ გაბუნიას თქმით, სერტიფიცირებული ექთანი არის პროფესიული საექთნო ან მეანი-ექთნის საგანმანათლებლო კურსდამთავრებული. ესენია სისტემაში დასაქმებული ექთნების დიდი ნაწილი, რომელთა სერტიფიცირება სახელმწიფო დონეზე არ მომხდარა.
შემდეგ მოდის რეგისტრირებული ექთანი, რომელსაც მოეთხოვება უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი, რომლის პროგრამები ქვეყანაში მოქმედებს, მაგრამ ბოლო პერიოდში მათზე მიმართვიანობა მაღალი არ ყოფილა, რაც, თამარ გაბუნიას თქმით, საყურადღებოა და მოლოდინია, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს გამართვის შემდეგ ახალგაზრდა კადრის მოტივირებისათვის უკეთესი პირობები შეიქმნება.
კანონით ასევე განისაზღვრება უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი, რომელსაც მოეთხოვება საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსის გავლა. ასევე შემოდის საექთნო სპეციალიზაცია მსგავსად ექიმებისა, რომლებიც პედიატრიის, ნევროლოგისა და სხვა სფეროების სპეციალისტებად იყოფიან. ეს ჩამონათვალი კანონქვემდებარე დონეზე განისაზღვრება.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ექთნები და მეანი ექთნები უწყვეტი განათლების სისტემაში ჩაერთვებიან და 5-წლიან სერტიფიკატებს მიიღებენ.
2025 წლიდან ექთნებს და მეანებს მხოლოდ რეგისტრაცია მოეთხოვებათ, რისთვისაც მხოლოდ საგანმანათლებლო დოკუმენტები უნდა წარადგინონ. ახალ კურსდამთავრებულებს კი 2025 წლიდან გამოცდის ჩაბარება მოეთხოვებათ.
ამასთან, ექთნის პროფესია, ექიმის მსგავსად რეგულირებადი იქნება.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ექთნის და მეანი-ექთნის სპეციალობები ემატება რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალს. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სპეციალობებში საქმიანობის წინაპირობაა შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ან მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ვინაიდან უკვე ექთანი და მეანი ექთანი ხდება რეგულირებადი სპეციალობა, დაუშვებელია სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის და სერტიფიკატის გარეშე საქმიანობის წარმოება. საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ცვლილებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ მიმართულებას საკანონმდებლო რეგულირება სჭირდებოდა. ეს ცვლილებები მიმართულია, რომ დეფიციტურ პროფესიაში უფრო მეტი ადამიანი მოვიზიდოთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.