DRG-ს ამოქმედების შემდეგ, პენსიონერებისთვის გარკვეული სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა გახდა საჭირო, რაც მანამდე არ არსებობდა.

კერძოდ, საუბარია ინტენსიური მოვლის ტარიფში თანაგადახდის კომპონენტის გაჩენაზე, რომელიც DRG-ს დანერგვამდე არ იყო გათვალისწინებული.

ახალი მოდელის პრობლემურ საკითხებს შორის სწორედ ამ ცვლილებას ასახელებეს ჯანდაცვის ასოციაციის სამეთალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი.

„ინტენსიურ მოვლაში თანაგადახდის გაჩენა მოხდა, რაც მანამდე პენსიონრებში არ იყო. მაგალითად როდესაც პაციენტი კრიტიკული ანემიით წვებოდა სტაციონარში, მას არაფრის თანაგადახდა არ უწევდა, ახლა კი 10 პროცენტის გადახდა მოუწევს. მართალია ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, მაგრამ ეს მაინც გადასახდელია,“ -  განაცხადა მაია მახარაშვილმა. 

მისივე თქმით, ასევე აქტუალურ პრობლემად რჩება მაღალტექნოლოგიური ძვირადღირებული დამხმარე საშუალებების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც ამ ეტაპზე არაადეკვატურია. პრობლემებს შორის მახარაშვილი ასახელებს რეანიმაციისა და ერთდროულად ჩატარებული ოპერაციების დაფინანსების საკითხებსაც.

ამასთან, „ჯანდაცვის ასოციაციის“ წარმომადგენელი  DRG-მოდელში შესულ დადებით ცვლილებებზე საუბრობს და მათ შორის ასახელებს თანადაფინანსების ზედა ზღვარის განსაზღვრას, რამად მოქალაქეების ხარჯები შეამცირა.

„როდესაც მაღალფასიან ოპერაციებზეა საუბარი, მაგალითად, 9000 ლარის ღირებულების ჩარევაში პაციენტების ნაწილი იხდიდა 30%-ს, ანუ 3000-ს, ახლა კი ის გადაიხდის არაუმეტეს 1500 ლარს.  თუმცა პაციენტების გარკვეული ნაწილისთვის ესეც პრობლემურია,“- აცხადებს მახარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის დაფინანსების ახალი მოდელი გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. სტატისტიკის თანახმად, შედეგად, მოქალაქეების მიერ მკურნალობაზე გაწეული თანხები 27%-დან 10 %-მდე შემცირდა.