დაფინანსების ის მოდელი, რომელიც კლინიკებს DRG-მ შესთავაზა, არის ფასების გათანაბრების ფორმატი, რომელსაც ხელმისაწვდომობის ფორმატი დაერქვფა.

ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე, ონკოლოგიის საკითხებში თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირი მოსმენის დროს, ონკოლოგმა ირაკლი კოხრეიძემ განაცხადა, რომელიც ევექსს წარმოადგენს.

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების არსებული მოდელი  ბოლომდე ობიექტური სისტემა არ არის, რადგან საქართველოს რეალობაზე არაა მორგებული. 


„ღირებულებით ნაწილს რაც ეხება, აქაც გათვლები გაკეთებულია სხვა სახელმწიფოს მაგალითზე და ფორმატზე. აღებულია ერთი კონკრეტული ქვეყნის მაგალითი. ქვეყანაში, სადაც კლინიკების 99% კერძოა, ამ პირობებში „დიარჯის“ ფუნქციონირება ძალიან პრობლემურია. ეს მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც 99 პროცენტი საუნივერსიტეტო, სახელმწიფო კლინიკებია, სადაც ამ კლინიკების ინფრასტრუქტურაში, ადამიანური რესურსებისა და ა.შ. განვითარებაში ფული სახელმწიფოს აქვს ჩადებული და არა კერძო ინვესტორს. ესეც ძალიან მძიმე მომენტია,“ - აღნიშნა კოხრეიძემ და განაცხადა, რომ DRG არაა ცუდი მოდელი, თუმცა უნდა შეიქმნას მისი მოდიფიკაცია ქართულ რეალობაზე, რაც ჯანდაცვის სამინისტროს უნდა შეეთავაზოს. 


მისივე თქმით, სამინისტროსთან ამ თემებზე კომუნიკაცია არსებობს, თუმცა დაფინანსების მოდელი არ შეცვლილა.

„ჩვენ ყოველდღიურად სარეცენზიოდ მოგვდის შემთხვევები, რომ გთხოვთ დაგვიფინანსოთ ეს ოპერაცია თურქეთში, სადაც ღირს 15-20-30 ათასი და ამ დროს აკეთებ 2600 ლარად საქართველოში. არავინ ამბობს, რომ DRG სისტემა ცუდია, ჩვენ ქართული მოდიფიკაცია უნდა შევქმნათ და შევთავაზოთ ჯანდაცვის სამინისტროს,“ - განაცხადა ირაკლი კოხრეიძემ.