საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სუროგატული დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ აანაზღაურებს. შესაბამისი ცვლილებები კანონში, მთავრობის დადგენილებით, უკვე ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ იანვრიდან დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელ ყველა დაწესებულებას ვალდებულება დაეკისრა, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახოს.
ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, მათ შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია პირად მონაცემებთან დაკავშირებული ყველა წესის დაცვით დამუშავდება, მათ კონფიდენციალურობას კი ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თუ 2018 წელს, მხოლოდ სუროგაციით გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი, დაახლოებით 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა. დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად, სუროგაცია კომერციული საქმიანობის სფერო აღარ იქნება და მთლიანად ქველმოქმედების სფეროში ექცევა. ცვლილებების მიხედვით, ფინანსური თუ სხვა სახის სარგებელი ითვალისწინებს მხოლოდ კომპენსაციას სუროგატის დახარჯული დროისთვის, დისკომფორტისთვის, ასევე სამედიცინო ხარჯებისთვის. იკრძალება სუროგაციის და ინვიტრო განაყოფიერების სერვისების მიწოდება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. თავდაპირველად კანონი ძალაში 2024 წლიდან უნდა შესულიყო, თუმცა ის ჯერჯერობით მიღებული არ არის.
ასევე შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფი გაიზარდა და გათანაბრდა. ღირებულება DRG სისტემის მიხედვით ანაზღაურდება.