პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და დაავადებების პრევენცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ექსპერტების შეფასებით, ამ კუთხით რეფორმების არაერთხელ დაანონსების მიუხედავად, ეს მიმართულება ისევ დაბალი ტემპებით ვითარდება, რაც არ ეხება კერძო დაზღვევაში ჩართულ ადამიანებს და ძირითადად სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეებს ეხება.  
როგორია სახელმწიფოს ხედვა - ამაზე ციფრებში გამოხატულ პასუხს იძლევა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2024 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.
დოკუმენტის თანახმად, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ერთ სულ მოსახლეზე ვიზიტების საერთო რაოდენობა  წელიწადში 4-ს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი 2024 წლისთვის არ შეიცვლება. რაც შეეხება დაგეგმილ ზრდას, დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლისთვის, წელიწადში ერთი ადამიანის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში კვლევებზე მისვლის საშუალო რაოდენობა 5 უნდა იყოს. 2030 წლისთვის ამ მონაცემის 6-მდე გაზრდა იგეგმება.

აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე დანახარჯების წილის ზრდას გეგმავს. კერძოდ, თუ 2020-ში ეს მაჩვენებელი 14% იყო, 2024 წლისთვის 20%-მდე უნდა ავიდეს, 2030-ში კი 35%-მდე.

პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მიმართვიანობის და შედეგად, დაავადებების ადრულ სტადიაზე გამოვლენის მაჩვენებლის ზრდის ლოგიკური შედეგი უნდა იყოს თავიდან აცილებადი  ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა წილი, რომელიც 2021 წელს 17%-ს შეადგენდა, 2024 წელს 10% უნდა იყოს, 2030-ში კი უნდა განახევრდეს და 5%-მდე შემცირდეს.